ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი სახალხო დამცველის შერჩევაზე საუბრობს.
– ქალბატონო ლია, სახალხო დამცველმა ციანიდის საქმეზე ანგარიში წარადგინა, სადაც ნანუაშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით დანაშაული არ მტკიცდება. ამას მოჰყვა განცხადებები, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, რომელმაც თქვა, რომ ნანუაშვილი ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველია. ხელისუფლების მხრიდან ეს გზავნილები ახალი ომბუდსმენის შერჩევის ფონზე რა გავლენას იქონიებს?
– ძალიან საინტერესო ანალიზია ამ კითხვაში. უჩა ნანუაშვილის დასკვნა ციანიდის საქმეზე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ხელისუფლების ასეთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეუქმნიდა მოტივაციას, რომ მათთვის, მათი პოზიციისთვის სრულიად შეუფერებელი განცხადებები გაეკეთებინათ.
ამ განცხადებებმა მიბიძგა, მეფიქრა და დამესკვნა, რომ ციანიდის საქმე იყო ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია. ეს რეაქციები, წმინდა ადამიანური გაბოროტების რეაქციები, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ სახალხო დამცველი დგას პროფესიული ღირსების სადარაჯოზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უჩა ნანუაშვილის დასკვნა ემყარება უტყუარ მტკიცებულებებსა და დასაბუთებას. ამიტომ სირცხვილია, როდესაც ასე აშკარაა, რომ “ქურდს ქუდი ეწვის”.
როგორც ჩანს, პრობლემა არა უჩა ნანუაშვილშია, არამედ იმაში, რომ ვინც არ უნდა იყოს, ვინც გაბედავს და დაუპირისპირდება სისტემას, მას ასე მოექცევიან. ეს საშიში ტენდენციაა, რადგან ნანუაშვილი არ არის მხოლოდ სახალხო დამცველი, ის არის საქართველოს ორგანული კანონით უფლებამოსილი, საკანონმდებლო გარანტიებით აღჭურვილი პირი. სახალხო დამცველის განცხადება არ არის მხოლოდ ერთი სუბიექტის, ერთი მოქალაქის, ერთი კვალიფიციური უფლებადამცველის განცხადება. ეს ბევრად მეტია.
– პარალელურ რეჟიმში თვალყურს ვადევნებთ უჩა ნანუაშვილის შემცვლელის შერჩევის პროცესს. რამდენად ჯანსაღია ეს პროცესი?
– ჩვენ მივეჩვიეთ, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ძალიან ღიაა. ყველას აქვს უფლება, რომ თავისი კანდიდატი დაასახელოს, მიიღოს განხილვებში მონაწილეობა. იაქტიუროს მედიამ, როგორი აქტიურიც არის და ეს მე მომწონს.
– უკვე დასახელდა კიდეც კანდიდატების ნაწილი.
– დიახ. თუმცა, კანონი არ ცნობს ასეთ პროცედურას, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ ეს გზა და დემოკრატიული პროცედურა გამოვიყენეთ, არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და უარი ვთქვათ მასზე.
– რას ითვალისწინებს ეს გზა?
– რომ საზოგადოებამ, ხალხმა თავად შეარჩიოს მისთვის მისაღები და სასურველი კანდიდატურა და წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ამიტომ საზოგადოებრივი ჯგუფები ახალ და ახალ კანდიდატებს ასახელებენ. ეს კარგია, ასეც უნდა იყოს. ბევრი კანდიდატურა უნდა დასახელდეს და საუკეთესო უნდა შეირჩეს.
თუმცა, ხელისუფლება აპირებს, კანონის პროცედურას ბუკვალურად მისდიოს, რაც უცილობლად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას უნდა მისთვის ლოიალურად განწყობილი სახალხო დამცველის შერჩევა. ის საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომლებიც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირი სახალხო დამცველის პოზიციაზე ორჯერ არ უნდა იყოს არჩეული, უკვე ღია დაპირისპირებას ნიშნავდა უჩა ნანუაშვილთან.
ეს იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის ვიწრო, მერკანტილური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა. ეს არა მხოლოდ ნანუაშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, არამედ მომავალი სახალხო დამცველის წინააღმდეგაც. ამიტომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს აქტიური.
– არასამთავრობო სექტორში არაოფიციალურად განხილული კანდიდატები, ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე, ვახუშტი მენაბდე რამდენად გაართმევენ ამ ვალდებულებას თავს?
– მე ვფიქრობ, რომ უდავოდ კარგი კანდიდატების გვარები ისმის პრესაში, ასეთი ბევრი კანდიდატი გვყავს, რაც მისასალმებელია. ნამდვილად ღირსეული კანდიდატები არიან, მათ შორის, ქალბატონები.
– მთავარი კრიტერიუმი რა უნდა იყოს?
– დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და მაღალი დონის პროფესიონალი უნდა იყოს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის შემდეგ სახალხო დამცველს მოეთხოვება, რომ მასზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ ასე არ მოხდება და ხელისუფლება შეეცდება, საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს, მაშინ ეს კიდევ ერთი ლუსტრირება იქნება.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ საქართველოში, რომ სახალხო დამცველი მართლა იცავს ადამიანის უფლებებს. თუ ახალი სახალხო დამცველი თავის მოვალეობას არ შეასრულებს, მაშინ ამაზე ყველას ერთად ისეთი რეაქცია ექნება, რომ უმჯობესია, აქამდე საქმე არ მივიდეს.
– ფიქრობთ, რომ ხელისუფლება მაინც ეცდება მისთვის ლოიალური კანდიდატურა შეარჩიოს ამ პოზიციაზე და ხალხის აზრის იგნორირება მოახდინოს?
– როდესაც ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდიხარ, მაშინ, სამწუხაროდ, გემართება ის, რაც ნაციონალურ მოძრაობას დაემართა. ეს ძალიან სახიფათო პროცესია და ანადგურებს, პირველ რიგში, მათ, ვინც საკონსტიტუციო ბერკეტს საკუთარ თავზე ირგებს.
მე ვურჩევდი მათ, რომ უახლესი ისტორიის მწარე გამოცდილება გაითვალისწინონ და დაიოკონ ემოციები, მათ ჩვენ ქვეყნის მართვა საუკეთესო დემოკრატიული მეთოდებით ვანდეთ და არამც და არამც არადემოკრატიული მეთოდებით. ახალი სახალხო დამცველის შერჩევის ეს პროცესი შეიძლება გახდეს ქვაკუთხედი, როდესაც ამ ხელისუფლების ჭეშმარიტი სახე გამოვლინდება.
ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის შერჩევის პროცესი როგორ ჩავარდა. ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკური აფილირება, რა არის ინტერესთა კონფლიქტი და რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი.

