ქუთაისში, კვების ობიექტში ვახშმობის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფი მოიწამლა. როგორც სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიაა აღნიშნული, საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი უკვე შეუჩერდა.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეთა ჯგუფურ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
იმერეთში ექსკურსიაზე მყოფი შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით 4 ნოემბერს ქუთაისის ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც მოზარდებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა განმარტეს, მათ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ი/მ „ოთარ სინაურიძის“ კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ივახშმეს, რის შემდეგაც აღენიშნათ ინტოქსიკაციის სიმპტომები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა კვების ობიექტში იმავე დღეს ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.
საზოგადოებრივი კვების ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების და მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შეძლებს”- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიუპოსტი

