ცოტა ხნის წინ ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, რესტორან “თაღლაურაში” ცეცხლი გაჩნდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” რესტორნის პერსონალმა განუცხადა, კუპეში, სადაც 15-მდე სტუმარი იჯდა, ბუხრიდან ცეცხლი აალდა და მთელ კუპეს მოედო.
მათივე ცნობით, დაახლოებით 20 კვ მ ფართობის კუპიდან სტუმრების გამოყვანა დროულად განხორციელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი საკმაოდ სწრაფად ვრცელდებოდა და ცეცხლი კიდევ ორ კუპეს გადაედო.
– მომენტალურად მოხდა ყველაფერი. კუპეში მსხდომმა სტუმრებმა თქვეს, რომ ბუხრიდან ცეცხლი გამოვარდა, ჩვენ იმწამსვე დავრეკეთ 112-ში და ამავდროულად სტუმრებს ვუთხარით, დაეტოვებინათ ადგილი. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა და ამ კუპის მიმდებარედ მეორე და მესამე კუპესაც გადაედო. სახანძრო და საპატრულო პოლიციის სამსახურები დარეკვიდან ძალიან სწრაფად მოვიდნენ ადგილზე. ასევე სწრაფად განხორციელდა რესტორნის სტუმრებისა და პერსონალის გარეთ გამოყვანა. იყო გაზის აფეთქების საშიშროებაც. თუმცა, როგორც ვიცით, ის მალევე გადაკეტეს, – განაცხადა რესტორნის მომსახურე პერსონალმა.
საპატრულო პოლიციას “თაღლაურას” მიმდებარე ტერიტორია ლენტით აქვს შემოსაზღვრული და არავის უშვებენ.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ნიუპოსტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 10-მმდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

