51-ე სკოლის მოკლული მოსწავლე ლ.დ. წარჩინებული მოსწავლე იყო

51-ე სკოლის მოკლული მოსწავლე ლ.დ. წარჩინებული მოსწავლე იყო1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჩხუბში რამდენიმე მოსწავლე მონაწილეობდა. შსს-მ საქმის გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანს დაპირისპირების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო დ.ს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

მოკლულ ლ.დ-ს მისი თანაკლასელები უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებენ. მათი თქმით, ლ.დ. წარჩინებული და მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო.

– საკონტროლო გვქონდა მათემატიკაში, მან ვერ დაწერა კარგად, რის გამოც ხუმრობით დავცინოდი… კონფლიქტური ადამიანი არ ყოფილა, ძალიან კარგი ბიჭი იყო, – იხსენებს გარდაცვლილის კლასელი.

ჩხუბის მიზეზი კლასელებისთვის უცნობია. მათი ვარაუდით, ჩხუბი გაკვეთილების დასრულების შემდეგ დაიწყო, როდესაც სკოლის მოსწავლეები სახლში მიდიოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლ.დ. კლასელის დასაცავად ჩხუბში ჩაერია, რა დროსაც ის დანით სასიკვდილოდ დაჭრეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

პირველი