წინა მინისტრი ამბობდა ბალასტი მყავსო, წავიდა და დაგვიტოვა ეს ბალასტი, ახალი მინისტრი ამბობს მე რა ვქნაო -ეს განცხადება, დათო ტურაშვილმა, გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. ტურაშვილმა პოეტ რატიანზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა. ტურაშვილი ამბობს, რომ პოლიცია გაივსო “ძველი ბიჭებით”, რომლებიც მოქალაქეებს ქურთუკის ფერის გამო “ებლატავებიან”.
მწერალმა შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც გააკრიტიკა, სადაც მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ რატიანი პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა.
დათო ტურაშვილი მიმართავს მოქალაქეებს, არ დაემორჩილონ პოლიციელებს, რომლებსაც არ აცვიათ პოლიციის ფორმა და არ არიან აღჭურვილნი შესაბამისი ეკიპირებით.
– პოლიციელს რომელიც აღჭურვილია ფორმით, შესაბამისი ეკიპირებით და აქვს შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა, რომ პოლიციელია და თქვენთან შემოდის კონტაქტში მას უნდა დაემორჩილოთ, მას აქვს უფლება გაგაჩეროთ , შეკითხვა დაგისვათ. მაგრამ როგორც კი თქვენთან შემოდის კონტაქტში ადამიანი, რომელსაც ფორმა არ აცვია და გებლატავებათ არის არ შემდგარი ძველი ბიჭი და არ დაემორჩილოთ ასეთ ხალხს, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.
ტურაშვილი ამბობს, რომ რეიდები რომელსაც შს სამინისტრო ატარებს არის საბჭოთა მენტალობის ნაწილი და მას არანაირი შედეგი არ აქვს.

