ილია II რუსეთის საპატრიარქოს წინააღმდეგ წავიდა – მეუფე შიო რუსების კანდიდატი არ არის

ილია II რუსეთის საპატრიარქოს წინააღმდეგ წავიდა - მეუფე შიო რუსების კანდიდატი არ არის2017 წლის საქართველოს ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) მთავარი მოვლენა საპატრიარქოს გარშემო განვითარებული პროცესები იყო.

ციანიდის საქმეს საზოგადოებამ და მედიამ უკვე უწოდა საუკუნის სკანდალი. წლის მიწურულს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ამ არასასურველი მოვლენების ფონზე, მართლაც რომ ისტორიული და ბოლო საუკუნეების უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – გიორგობის დღესასწაულზე. უწმინდესმა მისი მოსაყდრე დაასახელა და ის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიოა.

ეს იყო ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც პატრიარქმა საკუთარი ხელით დაწერა. 23 ნოემბერს ქაშუეთის წმინდა გიორგი ტაძარში მივიდა, ფურცელზე დატანილი გადაწყვეტილება მისი დაცვის სამსახურის უფროსს გამოართვა და ბრძანა: “ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ მყავდეს მოსაყდრე და ეს არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს”.

ამ გადაწყვეტილებას, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნით ადრე, წინ უძღვოდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია მეორეს რუსეთის საპატრიარქო მისთვის სასურველ და ფავორიტ ეპისკოპოსზე მიანიშნებდა. ამის არგუმენტად კი თბილისში, რუსეთის პატიარქის კირილის წარმომადგენლის, ილარიონოვის ვიზიტი სახელდებოდა.

,,ნიუპოტის“ ინფორმაციით, მეუფე შიოს დასახელება საქართველოს პატრიარქის მხრიდან სწორედ რუსეთის საპატრიარქოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. როგორც წყარო გვიყვება, ილარიონოვის ვიზიტის შემდეგ, პატრიარქმა საგანგებო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ ყოფილა არავისთან შეთანხმებული. წყარო ცნობით, ილია მეორე შიოს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა.

– ილარიონოვმა უწმინდეს მათთვის სასურველი კანდიდატურა შეპარვით უთხრა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იყო მეუფე შიო, სწორედ ამიტომ, პატრიარქმა მოულოდნელად და სწრაფად გამოაცხადა მოსაყდრედ შიო, რომელსაც სახელი, რამდენადაც ვიცი, ილია მეორეს სულიერი მამის საპატივცემულოდ ჰქვია, – გვიყვება წყარო.

არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი, თუმცა ფაქტია, რომ პატრიარქი ერთი ნაბიჯით წინ არის რუსეთის საპატრიარქოსგან (მიუხედავად მათი სურვილებისა), და ანდერძი, რომელიც პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მის თანამესაყდრეს ადგენს, დღეს უკვე აღარ შედგება, რადგან ილია მეორემ მოსაყდრე თავისივე სიცოცხლეში დაასახელა.

ყველა იმ მოვლენის საპირწონედ, რომელიც 21-ე საუკუნის საპატრიარქოს სკანდალით შევა ისტორიაში, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რითაც მის სიცოცხლეშივე წერტილი დაუსვა ყველა იმ მითს თუ რეალობას, რომელიც საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლას უკავშირდებოდა.

ნიუპოსტი