კონკურენციის სააგენტო “სიტროენ ჯორჯიასგან” დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ კონკურენციის სააგენტო ყველა ინფორმაციას არ მიიღებს.
“ჩვენ მივიღეთ საჩივარი 12 დეკემბერს. 13 დეკემბერსვე ეს საჩივარი გადავუგზავნეთ მხარეებს, რომლებსაც ეხებათ, რათა მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი “სიტროენ ჯორჯიას” და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოშიც მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება საჯარო. ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა. ჩვენ შევეცდებით, რომ მანამდე მივიღოთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად “სიტროენ ჯორჯიასგანაც,- განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი არ ჰქონია.
გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.
მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ნიუპოსტი

