რუსთავის მე-18 სკოლის დირექტორი ნატალია ჯავახიშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ მანდატურის სამსახურმა მეათე კლასელი ბიჭი, რომელსაც თან უცხო ნივთი ჰქონდა, სკოლის გარე პერიმეტრზე შენიშნა.
– მანდატურმა ეს ბიჭი ჩემთან შემოიყვანა. მივხვდით, რომ ელექტროშოკერი იყო, რის შემდეგაც გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. დავურეკე მოზარდის მშობლებსაც. ბავშვი დაკითხვაზეა გადაყვანილი. თავად თქვა, რომ ნივთი გამოყვა და ის ლილოს ბაზრობაზე 80 ლარად იყიდება. ამ მოზარდზე სადისციპლინი კომისია აუცილებლად იმსჯელებს, – აღნიშნა დირექტორმა.
მისივე თქმით, ყოველთვის კონტროლდება გარე პერიმეტრი მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით.
– მანდატური, მეორე ცვლა როცა უნდა შემოსულიყო, გარე პერიმეტრს ათვალიერებდა, ყოველთვის კონტროლდება გარე პერიმეტრი მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით.დავურეკეთ მშობელს, მშობელმა ამის შესახებ არ იცოდა, – განაცხადა ნატალია ჯავახიშვილმა.
თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. შესაბამისი ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებმა დაადასტურეს.
მათი განმარტებით, მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ.
„დილით რომ მივედით სკოლაში, გვთხოვეს ჩანთები გაგვეხსნა და ჩვენი ნივთები ამოგველაგებინა. ჩემი ყველა კლასელი ასე შეამოწმეს. ასევე, ამოწმებდნენ სხვა უფროსკლასელებსაც, მათ შორის, მე-10 და მე-11 კლასებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
თავად განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მანდატურის სამსახურის“ ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, შორენა ზედგინიძის თქმით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვს.
– მანდატური საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ატარებს მოსწავლის პირად გასინჯვას. მაგალითად, თუ მოსწავლეები შემჩნეულები არიან კონფლიქტურ სიტუაციაში, მანდატურს აქვს უფლება ჩაატაროს პირადი გასინჯვა, ოღონდ ეს გასინჯვა უნდა ჩაატაროს აუცილებლად სკოლის მიერ განსაზღვრულ, დირექციის წარმომადგენელთან ერთად. მარტო არ აკეთებს მანდატური პირად გასინჯვას, ეს ეკრძალება. თუმცა, კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ სკოლებში რაიმე განსაკუთრებული მითითება, რომ სკოლებში პირადი გასინჯვა ჩატარებულიყო, არ ყოფილა. მანდატურები აკეთებენ იმას, რასაც აქამდე აკეთებდნენ.თვითონ პროცედურა შემდეგნაირია: სთხოვს მანდატური მოსწავლეს, რომ აჩვენოს ჩანთა, ჯიბე და ა.შ. გააჩნია, რაზეა სავარაუდო ეჭვი, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ამ შემოწმებას მანდატურის სამსახური მარტო არ ახორციელებს, მას ესწრება სკოლის დირექციის წარმომადგენელი, – განაცხადა შორენა ზედგინიძემ.
ბავშვები, რომლებმაც აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეები არიან.
მანამდე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლის ტერიტორიების მახლობლად საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობის გაძლიერებაზეც ისაუბრა.
ჩხენკელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ. მინისტრის თქმით, ასევე გადაიხედება მანდატურის სამსახურის ფუნქციები.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
იმედინიუსი

