დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ“

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ“კიკეთის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ, ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.

მისი თქმით, საპატრიარქომ საკითხზე საშიში აქცენტები დაინახა.

– ჩვენ განვიხილეთ ეს კანონპროექტი ძალიან დაწვრილებით და აღმოვაჩინეთ საშიში აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმები არის განსაზღვრული ნარკოგამსაღებლებზე. ეს არის ყველაზე საშიში, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში და მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, საჭიროა ამ ადამიანების დახმარება, აქცენტის გაკეთება სარეაბილიტაციო და პრევენციული კუთხით.
დეკანოზი მიიჩნევს, რომ ეს კანონი ამას ვერ უზრუნველყოფს.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა საპატრიარქო გარედან ჩაერიოს პროცესებში, დეკანოზმა ანდრიამ უპასუხა, რომ დეპუტატებს შეუძლიათ გაითვალისწინონ საპატრიარქოს პოზიცია და შეუძლიათ არ გაითვალისწინონ.

“ეკლესიისგან ასეთი პოზიცია არ უნდა გვიკვირდეს. ეკლესია ცდილობს მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი ამ სახით წაახალისებს, – აღნიშნა დეკანოზმა.

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, ნარკოპოლიტიკის თემაზე მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები „ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან.