ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი – “თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გართულდა”

ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი - "თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გართულდა"წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით მაჩვენებლები გართულდა. მაჩალიკაშვილი უკვე 8 დღეა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, რამდენიმე დღეში კი თბილისში გადაიყვანეს.

რაც შეეხება უცხოელი ექიმების ჩამოყვანის საკითხს, ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მან საზღვარგარეთ მომუშავე სპეციალისტებს პაციენტის შესახებ ყველა მონაცემი გადაუგზავნა, თუმცა ჩამოსვლაზე მათი მხრიდან გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა. ექიმის თქმით, პაციენტის ანალიზები რამდენჯერმე გაუარესდა და მისი წნევის შენარჩუნება სპეციალური მედიკამენტებით ხერხდება.

მიხეილ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის დირექტორი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილისთვის უცხოელი ნეიროქირურგების ჩამოყვანა მის მდგომარეობას ვერ შეცვლის. პაციენტის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებდა, რომ თურქეთიდან და რუსეთიდან ნეიროქირურგების ჩამოყვანა სურს.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

იმედინიუსი