საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მიერ ვასილ მაღლაფერიძისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ბორდი მაღლაფერიძისგან წერილობით ელოდებოდა პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა “მოამბის” ეთერში შსს-ს ვიდეომასალა, რომელიც მობილური ტელეფონით იყო გადაღებული პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც “პირველ რადიოს”ბორდის წევრმა ქეთევან მსხილაძემ განუცხადა, მაღლაფერიძემ ბორდს მხოლოდ ის მისწერა რომ ის მზად არის შეხვედრისთვის. მსხილაძის განცხადებით, ბორდი მაღლაფერიძეს სავარაუდოდ მომავალ კვირას შეხვდება, თუმცა ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან მსხილაძის განცხადებით, ბორდს კვლავ არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა გზით მოხვდა სამინისტროს მასალა “მოამბის” ეთერში.
– იმის ნაცვლად, რომ მოეყოლა თუ როგორ მოხვდა მასალა ეთერში, მოგვწერა რომ მზად ვარ შეგხვდეთ და გაგესაუბროთო. არ მგონია, რომ ეს იყოს ადეკვატური პასუხი იმაზე, რაც ჩვენ მოვითხოვეთ.
შეხვედრა მომავალ კვირას დაინიშნება, თუმცა მაინც მიმაჩნია, აუცილებელია ჯერ გამოგვიგზავნოს წერილობით აღწერა ყველაფრისა რაც ჩვენ მოვითხოვეთ და მერე შევხვდეთ, რადგან როგორც წესი, როცა შეხვედრაზე მიდიხარ, მანამდე უნდა გქონდეს ინფორმაცია, რადგან ამ ინფორმაციამ შესაძლოა გაგიჩინოს დამატებითი კითხვები, ან პირიქით, არ გაგიჩინოს.
მე უკვე მივწერე საბჭოს წევრებს, რომ აუცილებელია წერილობით მოხსენება და მერე დაინიშნოს ეს შეხვედრა – ვნახოთ რას გადაწყვეტენ. სულ მცირე უცნაურია ის, რომ მაღლაფერიძეს ამ ერთი აბზაცის მოსაწერად, რომ მზად არის შეგვხდეს – ერთი კვირა დასჭირდა. დაველოდოთ შეხვედრას, საინტერესოა რა არგუმენტებით მოვა. ამიტომ გვინდოდა წერილობით მოხსენება, რომ მოვა და მოგვაყრის თავის არგუმენტებს, ალბათ ჰგონია, რომ ასე აჯობებს მისთვის, თუმცა მე არ მგონია, – განაცხადა ქეთევან მსხილაძემ “პირველ რადიოსთან” საუბარში

