თემურ დათიკაშვილი ციხეში ფარმან ჯეირანლიმ გადაარჩინა – ფილმს უყურებდნენ ერთად და უცებ გახდა შეუძლოდ

თემურ დათიკაშვილი ციხეში ფარმან ჯეირანლიმ გადაარჩინა - ფილმს უყურებდნენ ერთად და უცებ გახდა შეუძლოდგარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული  თემურ დათიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ოპერაციის შემდგომ მკურანლობას კვლავ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადის. დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულების ექიმებს მადლობას უხდის დროული რეაგირებისთვის.
– რომ არა ციხის ექიმების სასწრაფო რეაგირება, მოვკვდებოდიო. მანამდე აწუხებდა თიაქარი. კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორ, ფარმან ჯეირანლისთან ერთად ზის კამერაში. ფილმს უყურებდნენ ერთად. უცებ გახდა შეუძლოდ, ჯეირანლიმ გაუწია პირველადი დახმარება და თქვა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო იყო. შემდეგ ციხის ექიმები დაეხმარნენ სასწრაფო წესით და გადმოიყვანეს საავადმყოფოში, – განაცხადა აბესაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, დათიკაშვილი საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ როდის გაწერენ ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, თემურ დათიკაშვილმა მას საზოგადოებისადმი მცირე მიმართვაც გადასცა.
– ყველას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის და ყურადღებისთვის. ძალიან დიდი ბოდიში ყველას, ვისაც ნებსით თუ უნებლიედ იმედი გავუცრუე და გული ვატკინე, – ნათქვამია დათიკაშვილის მიმართვაში.
გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ “სოხუმი”-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა – ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ინტერპრესნიუსი