თეთნულდზე ტურისტებმა ზვავი გამოიწვიეს – 1 ტურისტი დაშავდა

თეთნულდზე ტურისტებმა ზვავი გამოიწვიეს - 1 ტურისტი დაშავდათეთნულდზე ზვავი ჩამოწვა, რომელსაც ერთი უცხოელი ტურისტი მოჰყვა. დაშავებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, კურორტი „თეთნულდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. პირველადი ინფორმაციით, კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე ტურისტი თოვლში ჩარჩა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები.

წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სამთო მაშველებმა და მოთხილამურე პატრულებმა ზვავში მოყოლილი 1 პირი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც იგი მესტიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები, პრევენციის მიზნით, შემთხვევის ადგილს დეტალურად ათვალიერებენ.”- ნათქვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.