მრეწველობის ყოფილი მინისტრი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს
საქართველოს მრეწველობის მინისტრი 1993-2000 წლებში, ვლადიმერ კერესელიძე, რომელიც 2004 წელს დააპატიმრეს, მიიჩნევს, რომ უკანონოდ იყო დაპატიმრებული და წაართვეს დიდი ოდენობით თანხა, 490 ათასი ლარი.
ის ამბობს, რომ მამაპაპეული სახლიც გააყიდვინეს, ბანკის ვალიც ააღებინეს და თანხები პროკურატურის ანგარიშებზე შეატანინეს. პატიმარ კერესელიძეს საკუთარი ხელით დაუწერა პროკურორმა, თუ რომელ ანგარიშებზე უნდა შეეტანა ფული. ამას ადასტურებს ვლადიმერ კერესელიძის მიერ პროკურატურისა და ჩვენთვის წარმოდგენილი, პროკურორის ხელით დაწერილი დოკუმენტი:
“საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიში ეროვნულ ბანკში:
ანგარიშის ნომერი ლარებში 000141408; ანგარიშის ნომერი ვალუტაში 001189647; ეროვნული ბანკის კოდი 220101107; სამართლებრივი ორგანოების განვითარების ფონდი; ბანკი “რესპუბლიკა”, კოდი 220101757; ანგარიშსწორების ანგარიში ლარებში – 3608015750, დოლარებში – 3618015750, დანიშნულება – შემოწირულობა”.
2016 წელს ვლადიმერ კერესელიძემ მთავარ პროკურატურას მიმართა საქმის გადასინჯვის მოთხოვნით, მაგრამ საბოლოო დასკვნის დაწერა და მისი დაზარალებულად ცნობა ჭიანურდება. ვლადიმერ კერესელიძე “ახალ თაობას” ესაუბრა.
– ბატონო ვლადიმერ, როდის დაგაპატიმრეს?
– პროკურატურის გამომძიებელ ირაკლი გელბახიანის 2004 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცეს, თითქოსდა საქართველოს სს კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩავიდინე და თანამდებობა ბოროტად გამოვიყენე.
– პროკურატურას რა დოკუმენტები წარუდგინეთ, საიდანაც ირკვევა, რომ უსამართლოდ დაგაპატიმრეს?
– მთავარი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით ჩემ მიმართ წარდგენილი ბრალდების ხანდაზმულობა იყო. ხანდაზმულ საქმეზე მოქალაქის დაპატიმრება კანონის უხეში დარღვევა და აბუჩად აგდებაა. ზუსტად იმ საკითხებზე, რომლებზეც პროკურატურა ბრალს მდებდა 2004 წელს, იმავე პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება სამჯერ ჰქონდა გამოტანილი. რაზეც დამაპატიმრეს, პროკურატურის დადგენილებებით მართალი ვიყავი.
– 2004 წელს პროკურატურას სს საქმის არაღძვრის დადგენილებები წარუდგინეთ და არ გაითვალისწინა?
– დიახ, ამაში ქალაქის მთავარ პროკურორ ღვინიაშვილს მიუძღვის დიდი წვლილი. მან დაუფიქრებლად და შეუსწავლელად გააუქმა დადგენილებები. წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ მიცვნია. გახსოვთ, მოლაშვილი აცხადებდა, სია მაჩვენესო. მეც გამაფრთხილეს, თქვენც ხართ იმ პირთა სიაში, ვინც უნდა დაიჭირონო. სააკაშვილიც ამაყობდა, 15 მინისტრი დავიჭირეო. გამომძიებელი ირაკლი გელბახიანი მეუბნებოდა, დავალება მაქვს, რომ დაგიჭიროთო. შემომთავაზა, ჩავიდეთ პროკურორთან, პროკურორი დაგისახელებს თანხას, თქვენ იმ თანხას შეიტანთ და თავისუფალი იქნებითო.
– თვითონ გამომძიებელი გთავაზობდათ?
– დიახ, გამომძიებელი მეუბნებოდა, პროკურორს დაველაპარაკოთო.
– ანუ ვაჭრობა მიმდინარეობდა, რამდენი ფული უნდა გადაგეხადათ თავისუფლების სანაცვლოდ და პროკურორთან წახვედით?
– არა. პროკურორთან არავითარი საქმე არ მაქვს-მეთქი. პროკურორთან საქმე თუ არ გაქვს, დაგიჭერთო და მაშინვე ბორკილები დამადეს. ციხეში ჩამსვეს, მაგრამ არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა. მხოლოდ ერთ რამეს ჩამჩიჩინებდნენ, გადაიხადე ფული და წადიო.
– კონკრეტულად ვინ ჩაგჩიჩინებდათ, ფული გადაიხადე და წადიო?
– გამომძიებელი ირაკლი გელბახიანი და პროკურორის მოადგილე ავთანდილ სიხარულიძე.
– ბოლოს როგორ დაგითანხმეს თანხის გადახდაზე და როგორ დააღწიეთ თავი პატიმრობას?
– არავითარი შეთანხმება თანხის გადახდაზე არ ყოფილა, იყო ძალადობა და იძულება. ვხედავდი, იმ პერიოდში საქართველოში როგორი უსამართლო ატმოსფერო იყო შექმნილი, პროკურატურისა და სასამართლოს მეშვეობით როგორ ძალადობდა იმდროინდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებზე, როგორ აიძულებდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ადამიანებს, დიდძალი თანხები შეეტანათ უპირატესად იმ დროისთვის შექმნილ საეჭვო ლეგიტიმაციის ფონდებში (როგორიც იყო, მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოების ფონდი) პატიმრობიდან თავის გამოსასყიდად.
ასევე ვხედავდი, როგორ რჩებოდა პატიმრობაში უკლებლივ ყველა, ვინც უარს იტყოდა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე. ამიტომ იძულებით ჩამოვყალიბდი პოზიციაზე, აჯობებდა, მომეძებნა მათ მიერ მითითებული თანხა არასაპატიმრო სასჯელზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ვინაიდან იმ პერიოდში ვერ ვხედავდი ჩემი უდანაშაულობის დამტკიცების რაიმე პერსპექტივას.
– რა დოკუმენტები გაგაჩნიათ, რომ ეს ძალადობა იყო?
– პროკურატურაში წარვადგინე პროკურორის ხელით დაწერილი დოკუმენტის დედანი, სადაც მითითებულია, თუ რამდენი თანხა რომელ ბანკებსა და ფონდებში უნდა შემეტანა თავისუფლების სანაცვლოდ. თანხები შევიტანე სამართალდამცავი ორგანოების ფონდის ანგარიშზე და საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე დანიშნულებით “ვ.კერესელიძისათვის ბრალად შერაცხული თანხის ანაზღაურება”.
როგორც კი თანხები შევიტანე 2004 წლის 17 დეკემბერს, იმავე დღესვე, ბრალის აღიარების გარეშე, გააფორმეს საპროცესო შეთანხმება, ბიუჯეტისთვის გადაგვახდევინეს მხოლოდ 10 ათასი ლარი და იმავე დღეს გამათავისუფლეს.
17 დეკემბერსვე ნოტარიულად დავამოწმე აქტი იმ ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ, რომ შეგნებულად არ დავაყენე მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო, ბრალის ნაწილში, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, რათა არ დავპირისპირებოდი გამოძიებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი შემეშინდა.
– საბოლოოდ რამდენი შეიტანეთ?
– 490 ათასი ლარი. თან მითხრეს, შენი გვარით არ შეიტანო, სხვისი გვარით შეიტანეო. ფული ჩემი მეგობრის ჯემალ კეპულაძის გვარით შევიტანე. ამის დოკუმენტიც გამაჩნია. ჩემებმა იწვალეს და ფული შეაგროვეს. რაც კი მქონდა, ყველაფერი გავყიდე, მამაპაპეული სახლის ჩათვლით და “თიბისი ბანკიდან” სესხიც ავიღე, რომ ამხელა თანხა შემეგროვებინა. ახლა დანგრეულ სახლში ვცხოვრობ.
ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც იძიებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულებს. 2016 წელს შევიტანე განცხადება, შეისწავლეს და საქმე აღძრეს. საქმეს მისცეს ნომერი 074140217802, მაგრამ გამოძიება უსაშველოდ ჭიანურდება.
როცა უკანონოდ გიჭერენ, როცა სახეზეა უკანონობა, როცა სამჯერ არაღძვრის დადგენილებაა გამოტანილი და საქმე ხანდაზმულია, გამოსაძიებელიც ბევრი არაფერია. ეძებენ კაცს, რომელმაც მე დამაზარალა. პროკურატურას რამდენიმე წერილი გავუგზავნე. მივმართე ასევე პრეზიდენტს, მთავრობას, საქმე აღიძრა, მართალი ვარ, ვითხოვ გამოძიების დაჩქარებას-მეთქი. პრეზიდენტმა, მთავრობამ ჩემი წერილები წაუკითხავად, ყოველგვარი რეზოლუციის გარეშე გადააგზავნეს მთავარ პროკურატურაში. უბრალოდ, ფოსტალიონის როლს ასრულებენ.
– რატომ ვერ გეხმარებიან?
– როგორც პრეზიდენტი, ასევე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და პარლამენტი მპასუხობენ, ამა და ამ მუხლის თანახმად, არ ვერევით პროკურატურის საქმიანობაშიო. მე მათ პროკურატურის საქმიანობაში ჩარევას არ ვთხოვ. მოვითხოვ, მათი კომპეტენციის ფარგლებში მიმართონ პროკურატურას, დაჩქარდეს გამოძიება და მიპასუხონ.
პროკურატურას შეუძლია, ათეული წლების განმავლობაში გააჭიანუროს გამოძიება. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათ ააშენეს სამართლიანი სახელმწიფო. ირაკლი კობახიძეს ვეკითხები: ჩემს შემთხვევაში სად არის სამართლიანობა?
X X X
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის თინათინ მახარაძის წერილით ირკვევა:
“მიმდინარეობს გამოძიება N074149217802 სისხლის სამართლის საქმეზე, გარკვეული საჯარო მოხელეების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება”.
X X X
– ბატონო ვლადიმერ, სახალხო დამცველს მიმართეთ?
– დიახ. სახალხო დამცველის აპარატს პროკურატურიდან აცნობეს, რომ ამ საქმეზე კონკრეტული პირის მიმართ დევნა დაწყებული არ არის და ვლადიმერ კერესელიძე დაზარალებულად არ არის ცნობილი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო. ვეკითხები მთავარ პროკურორს: კიდევ რა საბუთი უნდა წარმოგიდგინოთ, რომ დაზარალებულად მცნოთ?
საჯარო მოხელის ძებნა და იმ პირის დადგენა, რომელმაც ჩემ მიმართ დანაშაული ჩაიდინა, საგამოძიებო ორგანოებისთვის ძალიან იოლია, თუნდაც იმ ხელნაწერის საშუალებით, რომლითაც მაიძულეს თანხის იძულებით გადახდა თავისუფლების სანაცვლოდ.
– დამნაშავეები მხოლოდ რიგითი თანამშრომლები არიან?
– არა, დამნაშავეა სააკაშვილის მიერ შექმნილი რეჟიმი და მისი უსიტყვო შემსრულებლები: ადეიშვილი, მერაბიშვილი, ღვინიაშვილი და სხვები. ამ რეჟიმმა დააკანონა უკანონობა. სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ ჩემ მიმართ ის ჯერჯერობით ძალაში დატოვა. განსაკუთრებით ღვინიაშვილს აქვს დიდი წვლილი იმ ბოროტებაში, რომელიც იმ დროს ხდებოდა ქალაქის პროკურატურაში. ამიტომ ღვინიაშვილი, პარლამენტის ნაცვლად, ციხეში უნდა იჯდეს.
– მთავარ პროკურატურაში შეტანილი განცხადებით რას ითხოვთ?
– გამამართლონ და რაც ძალით წამგლიჯეს, დამიბრუნონ.
– ზიანის ანაზღაურებას პროკურატურისაგან ითხოვთ? შეიძლება ბიუჯეტს არ შეუძლია სააკაშვილის მიერ წართმეული ქონების დაბრუნება, მაშინ?
– ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ვითხოვ. პროკურატურამ დაარღვია კანონი, უკანონოდ ფული გადამახდევინა, რომელიც მათ ჯიბეებში წავიდა. მილიონობით ლარი ირიცხებოდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშებზე, ეროვნულ ბანკსა და “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში”, ბანკ “რესპუბლიკაში” გახსნილ ანგარიშებზე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელმა მთავრობამ წაართვა მოქალაქეს ქონება, ფული. სახელმწიფომ დამაზარალა, სახელმწიფო არის მოქალაქის უფლების დაცვის გარანტი.
სახელმწიფოს ორ ვარიანტს ვთავაზობ. პირველი – წართმეული თანხის სანაცვლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ფართი გადმომცეს. იმ ფართს სახელმწიფო არ იყენებს. მასზე არსებობს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები, რომ აღნიშნული ფართი დანგრევის პირასაა. სახელმწიფოს ბალანსზეა და გადმომცენ. მეორე – შეუძლიათ მოყენებული ზარალი ამინაზღაურონ ჩემს სახელზე დარიცხული ყოველთვიური საბიუჯეტო გადასახადების ჩათვლების გზით.
– პროკურატურამ თითქოს სამართლიანობის აღდგენა დაიწყო.
– ადამიანებისთვის ძველი მანქანების დაბრუნება და სამიოდე ჩინოვნიკის დაჭერა, შერჩევით დაზარალებულის დაკმაყოფილება სამართლიანობის აღდგენას არ ნიშნავს. პროკურატურის დეპარტამენტმა გვარების მიხედვით გამოაქვეყნოს, რამდენი ადამიანი გაამართლეს, რამდენს აუნაზღაურდა ზიანი და რამდენს დაუბრუნდა წართმეული ქონება.

