კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის შენობაში ისევ შიმშილობენ

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის შენობაში ისევ შიმშილობენსაქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები უკვე მეორე დღეა, პროკურატურის შენობაში შიმშილობენ.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები უკმაყოფილო არიან გამოძიებით, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გამო, შესაძლოა, მალე საერთოდ დაიხუროს.

გამსახურდიები ამბობენ, რომ ხელისუფლებას 2015 წელს ჰქონდა მცდელობა, კვალიფიკაცია შეეცვალა საქმისთვის და გამოძიება მკვლელობის მუხლით გაგრძელდა, თუმცა, რეალურად ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

პირველი პრეზიდენტის შვილები ეჭვობენ, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ჩართულ ადამიანებს მფარველები მოქმედ ხელისუფლებაშიც ჰყავთ.

„ბრალი არავის არ აქვს წარდგენილი და, თუ ბრალი არავის წარდგენილი არა აქვს, 25-წლიანი გამოძიება ვეღარ გაგრძელდება. როგორც კი შესრულდება 25 წლის, კანონის შესაბამისად, ის დაიხურება. აქ საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს ცვლილება ორგანულ კანონში ანუ განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს სხვა ხანდაზმულობის ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიც ეხება ქვეყნის პირველ პირს და მის მკვლელობას.

„როგორც ჩანს, რაღაც ბინძური საქმეები არის ჩადენილი სახელმწიფოს მიერ, მე ვგულისხმობ იმ სახელმწიფოს, რომელიც გვაქვს 1992 წლის 6 იანვრიდან დღემდე. დააკვირდით რა თარიღს ვასახელებ მე, სახელმწიფო გადატრიალების თარიღს, ამიტომაც, არ უნდათ მათ არც თავის ატკიება, არ უნდათ მათ გართულებები,“ – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

რუსთავი 2