ლელა გეთაშვილი – “პოლიციას უნდა, რომ რუსთავში გამორიყული მამაკაცის მკვლელობა ჩემს ქმარს დააბრალოს” – ვიდეო

ლელა გეთაშვილი - "პოლიციას უნდა, რომ რუსთავში გამორიყული მამაკაცის მკვლელობა ჩემს ქმარს დააბრალოს" - ვიდეომამაკაცი, რომლის ცხედარი რუსთავის მტკვარმა გამორიყა, სავარაუდოდ მოკლულია.

ამის შესახებ გარდაცვლილი მამაკაცის, დავით მუმლაძის, მეგობრის მეუღლემ ინფო რუსთავთან განაცხადა. ლელა გეთაშვილის თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში რამდენიმე საათია, დაკითხვაზე იმყოფება გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარი გიორგი გეთაშვილი. დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ სამართალდამცველებს საქმის დროულად დახურვა სურთ და ამიტომ ჰყავთ მისი მეუღლე დაკავებული. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლოს მისმა მეუღლემ ნახა და გლდანში ერთ-ერთ მისამართზე დატოვა.

“1-ელ ოქტომბერს მან დაურეკა ჩემს მეუღლეს და უთხრა, რომ მისი ნახვა უნდოდა. გიორგი მას შეხვდა და გაიყვანა გლდანში, დატოვა ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს ის აღარ უნახავს”, – აცხადებს ლელა გეთაშვილი.

ოჯახის წევრების თქმით, დაკავებული გიორგი გეთაშვილი პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ცოტა ხნის წინ რუსთავის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მცირე ინციდენტიც მოხდა. დაკავებულის ოჯახის წერვრები და ახლობლები შენობაში შეიჭრნენ და გიორგი გეთაშვილის ნახვას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით მათ შენობა სამართალდამცველებმა იძულებით დაატოვებინეს.

დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იცავს, რომელიც ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ მას პოლიციის შენობაში შესვლისა და გიორგი გეთაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფო რუსთავი