მეუფე პეტრე – ”ვითხოვდი მოწმეების მოყვანას, რითაც ჩემი ბრალდება დამტკიცდებოდა”

მეუფე პეტრე - ”ვითხოვდი მოწმეების მოყვანას, რითაც ჩემი ბრალდება დამტკიცდებოდა”ჭყონდიდის ეპისკოპოსი მეუფე პეტრე მისი სკანდალური განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სინოდის წმინდა სხდომაზე ის რჯულის კანონის აღსრულებას ითხოვდა და მისი შოკისმომგვრელი ბრალდების დასამტკიცებლად სამი მოწმის მოყვანაზე კურთხევას ითხოვდა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ „პილატეს სასამართლოს“ გამართვა იგეგმებოდა.

„ეს განწყობა და ინფორმაცია სინოდზე შესვლამდე მქონდა და ვთქვი, რომ პილატეს სასამართლოსთვის მზად ვიყავი. მე მას (პატრიარქს) ვუთხარი, კერპს ქმნიან თქვენგან, მე მიყვარს ღმერთი, სამშობლო და მერე თქვენ. ღმერთზე და ქვეყანაზე წინ ვერ დაგაყენებთ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ მისი სკანდალური განცხადების გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს, მეუფემ ასე უპასუხა:

„როდესაც ჩვენ ამ “პიდარასტიას“ შევეხეთ… არ ვთვლი, რომ ბოდიშის მოხდა… ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელობა ეს არის პიდარასტია, საეკლესიო განმარტებით. სხვას ვერაფერს დავარქმევ. სხვა როგორ უნდა ვუთხრა სიმართლე? ამ ტერმინის სრული შინაარსობრივი მნიშვნელობა ასეთია…

მე ვითხოვ შენდობასა და პატიებას, თუ ვინმე ბრკოლდება, მაგრამ მე ვარქმევ ამას სახელს, ვუთხარი, რომ მოვიყვანდი მოწმეებს, რითაც ჩემი ბრალდება დამტკიცდებოდა. შევთხოვ უფალს, გაჯანსაღდეს ეკლესია. ეს არის შეუქცევადი პროცესი,“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისივე განცხადებით, უწმინდესმა უთხრა, რომ მონასტერში წასულიყო.

მეუფე პეტრემ სოდომ-გომორის შესახებ პირდაპირ ეთერში წმინდა წერილი წაიკითხა.

მისი მტკიცებით, სწორედ ამის წაკითხვა არ აცალეს სინოდის სხდომაზე.

“სიმართლის თქმა არ არის უხამსად მოქცევა. მეუფე ნიკოლოზი ცრუობს, როცა ამბობს, რომ ხელით გამიყვანეს. უბრალოდ ცრუობს,” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, თუ მისი განცხადებები სინოდის წევრებმა მიიღეს საკუთარ თავზე, ეს ლუსტრაციაა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ითხოვდა სინოდის სხდომის გადადებას.

“სჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის მხილებული ცრუ ბრალდებაში, საკმარისია, რომ დამტკიცებულად ჩაითვალოს ბრალდება. მე ვუთხარი, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომლებიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ. მისაყვედურეს, რომ მე შეურაცხყოფას ვაყენებდი პატრიარქს… ის დუმდა, ბოლოს კი გამოაცხადა მისი გადაწყვეტილება.

მე ასე ვუთხარი – აუღელვებელი ღმერთი აღელდა ამ ცოდვის გამო, ვუთხარი, რომ ამას ვერ შევეგუები დედა ეკლესიაში,” – განაცხადა მეუფე პეტრემ.