ლევან ხაბეიშვილი – “ძიძიგური რომ იტყვის, “ოცნება” იტყუებაო, იქ საერთოდ რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ!”

ლევან ხაბეიშვილი - “ძიძიგური რომ იტყვის, “ოცნება” იტყუებაო, იქ საერთოდ რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ!”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
რა გეგმები აქვს ოპოზიციას, რამდენად მიაღწევს ასეთი პატარ-პატარა აქციებით შედეგს და ეს ყველაფერი ხომ არ იღებს მასკარადის ხასიათს? დაუთმობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს? “ახალ თაობას” ამ და სხვა საკითხებზე ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
– ლევან, საზოგადოების ნაწილი უკვე სერიოზულად გაკრიტიკებთ. კეთდება შეფასებები, რომ ამ ყველაფერმა არასერიოზული ხასიათი მიიღო, რომ სპექტაკლებს დგამთ და ასე ვერ მოერევით ბიძინა ივანიშვილს. რით უპასუხებთ, რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– მაგას ვინც ლაპარაკობს, იმას ურჩევნია, გარეთ გამოვიდეს და ჩვენთან ერთად გააპროტესტოს. პრეტენზიები ჩვენი მისამართით ცოტა უცნაურია. უკვე ფიზიკურად ვიბრძვით. არავის დაავიწყდეს, რომ 37 კაცი 1 დღეს დააკავეს და მერე კიდევ 4 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან პოლიტიკური ლიდერები. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომრე ჰყავთ დაკავებული. ბევრ ლაპარაკს ურჩევნიათ, ყველა ჩაერთოს ბრძოლაში. ეს პოლიტიკური ბრძოლა კი არ არის.
– აბა რა არის?
– ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და მორჩა! რომელიმე პარტიას კი არ ვითხოვთ, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხს უნდა დაუბრუნდეს არჩევანის უფლება! ჩვენ ამას დაგვპირდნენ. არა უბრალოდ ჩვენ გვითხრეს, გაეროს ტრიბუნიდან დაგვპირდნენ ამას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა იყოს ამ ბრძოლაში ჩართული.
თურმე ამან თეატრალური სახე მიიღო და თურმე ბრძოლა არ მოსწონთ, მაშინ გამოვიდნენ და თვითონ გვაჩვენონ უკეთესი ხერხები. ოპოზიცია თავს არ ზოგავს, იბრძვის. პიკეტირებსაც ახდენს, არაფერსაც არ უშინდება, მათ შორის აკავებენ ჩვენს ლიდერებს, ჩვენს აქტივისტებს და მეტი რა გავაკეთოთ.
– ასეთი მოქმედებები შედეგს ვერ გამოიღებსო, ამას ამბობენ.
– ჰო, ეგრე იძახონ, შედეგი არ ექნებაო, სახლში ისხდნენ თბილად და კომპიუტერზე არაკუნონ, მერე ფეისბუქზე პოსტები გამოაცხონ და ასე დაამთავრებენ ივანიშვილს! ვინც ამას ბოდიალობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამდენ ლაპარაკს ურჩევნია საქმეში ჩაერთოს!
– კრიტიკას ვერ უძლებდა ის ყველაფერი, რაც ბოლო დღეებში სასამართლოში ხდებოდა. ისმის კითხვა, რისთვის გაუშვეს ეს ბიჭები ციხეში?
– სწორედაც. იმაზე ლაპარაკს, რომ ვიღაცას ჩვენი პროტესტი არ მოსწონს, იმაზე ილაპარაკონ, რაც სასამართლოში ხდება. ან სასამართლო სად არის?! ვალერიან ივანიშვილ-გახარია იყო ის სამარცხვინო მოსამართლე. ხალხი გაოცებულია, ყველა პირდაღებული დარჩა. მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ არც ერთი და კოპიფეისტით არის გადაღებული 37-ვე ოქმი. მერე კიდევ 4 ოქმი დაამატეს და იქაც იგივე წერია.
რამე განსხვავებულს აკეთებს მოსკოვში პუტინი?! ზუსტად იგივეს აკეთებს ივანიშვილი, რასაც პუტინი. ივანიშვილიც ან კლავს, ან იჭერს და ან არბევს.
– ვინ მოკლა?
– დაავიწყდა საზოგადოებას ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა? ეს ვინმემ გამოიძია?! სწორედ ეროსის მკვლელობის შემდეგ დაიწყო რუსთავი 2-ის პრობლემები.
– როგორ განვითარდება პროცესები და რა გეგმები გაქვთ?
– ბრძოლა იქნება ბოლომდე! მარტო პოლიტიკურ პარტიებს ნუ მიჩერებია ხალხი. მე ამ პოლიტიკურ პარტიაში კი არ დავბადებულვარ. ჯერ ვარ ამ ქვეყნის, საქართველოს მოქალაქე.
– მოსახლეობის დიდ ნაწილში განცდაა, რომ მობეზრდებათ და დაიშლებიან, როგორც 20 ივნისს მოხდა. ასე არ იქნება?
– მე არ ვიცი, მოსახლეობის რა ნაწილი ფიქრობს ასე, ეტყობა, ქოცების მხარდამჭერები, თავზე რომ გადაუვლიან, რომ ატყუებენ და მაინც ტაშს რომ უკრავენ და მაინც რომ მოსწონთ. ეტყობა, ასეთ ხალხზე ლაპარაკობთ, თორემ დანარჩენ საზოგადოებას არ მგონია, ეგ წარმოდგენები ჰქონდეს. მე არ მგონია, ჭკუათმყოფელ ადამიანს მოსწონდეს, რომ ატყუებენ.
– ყველგან უამრავი პოლიციელი გხვდებათ, სადაც კი მიდიხართ. შეშინებულია ივანიშვილი?
– რა თქმა უნდა! შეშინებული რომ არ იყოს, აბა, პროპორციულ არჩევნებზე უარი რატომ თქვა?! ამას 1 კვირაში აირაის კვლევები მოჰყვა და “ქართულ ოცნებას” 23% აქვს. მასზე ორჯერ მეტი აქვს ოპოზიციას.
საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. თავისი შიდა კვლევებიც ჩაატარეს და მშვენივრად იცოდნენ, რა მხარდაჭერაც ჰქონდათ.
ეს კაცი არის საერთაშორისო აფერისტი, ოფიციალურად ასეა. ქართველებს ხომ გვატყუებენ და პრემიერ მინისტრს გაეროდან ათქმევინა, პროპორციულზე გადავედითო – საერთაშორისო თაღლითია ივანიშვილი!
– საკუთარი უმრავლესობაც შესწირა ამ პროცესს. ამდენად უღირდა ძველი სისტემა?
– ძიძიგური რომ გამოვა და იტყვის, იტყუებიან და აქ მორალი აღარ არისო, საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ! მართლა არავინ დარჩათ ისეთი, ინგლისური და კომპიუტერი რომ იცოდნენ. ყველა წამოვიდა ჩუგოშვილიდან დაწყებული. საერთოდ ვინ დარჩათ გუნდში?! დარჩნენ მონები! ქანთარიები, ქვარაიები და ხუნდაძეები.
– რა გეგმები აქვს ოპოზიციას, ამ ახალგაზრდა აქტივისტებს? ორშაბათსაც დიდი აქციაა დაანონსებული.
– ჩვენი გეგმა არის ერთი და უცვლელი – ბრძოლა ბოლომდე! მორჩა და დამთავრდა!
– სპეცრაზმი გამოჰყავთ, როდესაც დიდი აქციაა, იჭერენ თქვენს აქტივისტებს.
– რამდენს დააკავებენ, რამდენს შეაშინებენ?! ქართველი ხალხი ვინმემ რამით შეაშინოს, ეს ხომ გამორიცხულია! ისეთ პროცესები დაიწყო, ძიძიგურს დავესესხები და ისეთი ჯინი ამოუშვეს, რომ ვეღარ ჩასვამენ, გამორიცხულია! როცა ხელისუფლება სპეცრაზმით ელაპარაკება თავის ხალხს, მორჩა, ის უკვე ხელისუფლებაში აღარ არის!
ეგენი არიან პოლიციელებს ამოფარებული ტიპები, რომლებიც ძალაუფლებას და სკამებს არიან ჩაბღაუჭებული.
– სიტუაცია მივა ვადამდელ არჩევნებამდე თუ დაიხევს ივანიშვილი უკან და დაუჭერს მხარს პროპორციულ არჩევნებს?
– ან უკან დაიხევენ ან იქამდე მივა სიტუაცია, რომ ბიძინა წავა საქართველოდან. მეტი გამოსავალი არ არის. თუ ჭკუას იხმარს და დათმობენ, ხომ კარგი, თუ არა და აუცილებლად მოუწევს ბიძინას ქვეყნის დატოვება.
ივანიშვილს ჩალაგებული უნდა ჰქონდეს ჩემოდანი. ეს პროცესი დამთავრდება ან ივანიშვილის წასვლით ან პროპორციულის მიღებით და ამ მთავრობის გადადგომით! ხვალ თუ ზეგ ეს ბრძოლა დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. “ოცნება” უკვე ხელისუფლებაში აღარ არის, მათ არცერთი პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ. მათ ხალხისთვის მხოლოდ პრობლემის შექმნა შეუძლიათ.
ხალხს ვურჩევ, რომ გარეთ გამოვიდეს და გვერდით დაგვიდგეს. მეც შეიძლება ბევრი ვინმე არ მომწონდეს, მაგრამ დღეს ეს არაფერს ნიშნავს. დღეს, ყველა ერთად, თავისუფალ არჩევნებს ვითხოვთ. მერე ხალხმა გადაწყვიტოს, ვის აირჩევს.
– ისევ ერთიანია ოპოზიცია? ითქვა, რომ უსუფაშვილი და კიდევ რამდენიმე პარტია განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ.
– რა თქმა უნდა, ერთიანია. არ ვიცი, ვინმეს სხვა აზრი თუ აქვს. ამ დროისთვის ყველა ერთიანია. ან როგორ შეიძლება, რომ ერთიანი არ იყოს, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!
უსუფაშვილმა რა უნდა გააპროტესტოს, თავისუფალი არჩევნები?! ჩვენ ყველას გვინდა თავისუფალი არჩევნები და მერე ხალხმა გადაწყვიტოს, უსუფაშვილი უნდა, ელისაშვილი, ხაბეიშვილი თუ ბურჯანაძე!
თავისუფალ არჩევნებს ვითხოვთ, მორჩა, დამთავრდა, წერტილი! ვინც ამ პროცესში არ იქნება, ის თავად გამოაცხადებს, რომ მიყიდულია ივანიშვილს!
ივანიშვილი ქართველ ხალხს არჩევანს ვეღარ წაართმევს.