რამაზ საყვარელიძე – “დღევანდელი ოპოზიცია “ოცნების” საქმეს აკეთებს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, ოპოზიცია აგრძელებს აქციებს და პიკეტირებას. რას იგებს ამით ოპოზიცია და რას აგებს ხელისუფლება?
– არც არაფერს! ოპოზიციის ტაქტიკა ხშირად მიმართულია იმის ჩვენებისკენ, რომ ხელისუფლება კარგად არ გამოიყურება, რომ ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ რამდენად მისაღებია ის სტილი, როგორც ოპოზიცია მოქმედებს. რა არის ამ სტილში ახალი?! ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად იყო სიტყვის გატეხვა, მაგრამ ამის პასუხად რამდენად ადეკვატურია ის მეთოდები, რასაც ოპოზიცია მიმართავს?!
ბოქლომების დაკიდებას არანაირი პოლიტიკური აზრი არ აქვს. ეს არის პიარის ნაწილი. კი ბატონო, გასაგებია, ეს არის უკმაყოფილების გამოხატვა და ამ ფორმით გამოხატავენ, მაგრამ საზოგადობისთვის უკმაყოფილება ახალი ხომ არ არის. ხალხი ისედაც უკმაყოფილოა, შენ რას სთავზობ, რა ალტერნატივას, ეს არის აქ მნიშვნელოვანი.
გასაგებია, დისკომფორტის უქმნის ოპოზიცია ხელისუფლებას, მაგრამ გადაწყვეტილებას არჩევნებზე ხალხი იღებს და არა ხელისუფლება. შენ რომ აგირჩიონ, ამისთვის ხალხს უნდა დაანახო, რომ შენ უკეთესი ხარ, რომ შენ უკეთესს სთავაზობ. რამდენად ახერხებს ამას ამ ტაქტიკით ოპოზიცია, ვერ გეტყვით.
ინფანტილურია ოპოზიცია. ბევრად უფრო მეტი სამუშაო აქვთ მათ ახლა, ვიდრე ხელისუფლებას. ოპოზიციამ შინ თუ გარეთ, ყველა უნდა დაარწმუნოს, რომ მათ შეუძლიათ, რომ ისინი ღირსნი არიან ამ ნდობის. ამ სტილით და ამ ნაბიჯებით ეს არ მტკიცდება. ფართო სურათს თუ შევხედავთ მთლიანობაში ამ სტილისტიკის გამო, რომელიც ოპოზიციის “შეიარაღებაშია”, “ქართული ოცნების” საქმე კეთდება.
– ამ დაპირისპირებაშიც “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა დარჩნენ პირისპირ?
– ასე ჩანს, რასაც ვიზუალურად ვუყურებთ. გასაგებია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აპროტესტებს პროპორციული არჩევნების დანაპირების უკან წაღებას, მაგრამ სად არიან ისინი, რატომ არ არიან წინა პლანზე?! ეს პოლარიზება ვის აძლევს ხელს თუ არა “ქართულ ოცნებას” და ისევ “ნაციონალურ მოძრაობას”?!
გასაგებია, რომ ნაციონალები აქტიურები არიან და მოქმედებენ.
– შეიძლება დანარჩენ ოპოზიციას არ უნდა, მათ გვერდით გამოჩნდეს?
– უკვე გამოჩნდნენ, თუ გამოჩენაზეა საუბარი. მე მიკვირს, რატომ არ გამოდის დანარჩენი ოპოზიცია და რატომ არ ამბობს თავის სათქმელს, რატომ არ უკეთებს თავის შეთავაზებას საზოგადოებას. რა, ამაზე უკეთეს დროს ელოდებიან?! რადგან ჩუმად არიან, რადგან ჩრდილში არიან, პოლიტიკურ ველზეც დარჩნენ ნაციონალები და “ოცნება”.

ამას უყურებს ახლა საზოგადოება. პოლიტიკაში აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მხოლოდ კულუარებში და კაბინეტებში არ კეთდება პოლიტიკა. ხალხის დასანახად უნდა გააკეთო პოლიტიკა თუ გინდა მისი მხარდაჭერა მოიპოვო. ეს კარგად იცის ნაციონალურმა მოძრაობამ, ძველმაც და ახალმაც, მისმა განაყოფმა “ევროპულმა საქართველომ”. აქტიურობა ქმნის კლიმატს და არა – პოლიტიკური პარტიების რაოდენობა.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი