”ვაჟა გაფრინდაშვილმა 9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან კოლეგები მანქანით თბილისში გააბრუნა და რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფეხით გადავიდა”

”ვაჟა გაფრინდაშვილმა 9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან კოლეგები მანქანით თბილისში გააბრუნა და რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფეხით გადავიდა”მამუკა კუდავამ ფეისბუქში დაწერა:

”ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემი ექიმია. ორ სხვა ტრამვატოლოგ ექიმთან ერთად მან გამიკეთა ოპერაცია, რომელმაც გადამარჩინა მინიმუმ დახეიბრებას და შესაძლოა სიცოცხლეც კი შემინარჩუნა.

და რაც მთავარია, ვაჟა გმირია, თანამედროვე ცოტნე დადიანია.

ერთ მზიან შაბათს, 9 ნოემბერს, თბილისში ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, ჩაისვა მისი კოლეგები – გორში მივდივართ პაციენტთანო. საოკუპაციო ხაზთან მისვლისას მანქანის გასაღები დაუტოვა კოლეგებს, თბილისში დაბრუნდითო. და დიახ, განზრახ დაარღვია ოკუპანტთა მიერ წოდებული „საზღვარი“ და ფეხით გადავიდა რუსების მიერ კონტროლირებულ მხარეს.

რა თქმა უნდა, ვაჟამ კარგად იცოდა, რომ ახალგორის მხარეს მყოფ პაციენტთან მას არავინ მიუშვებდა. არც ის ახალგორელი პაციენტი ელოდა ვინმე ექიმს. ისიც კარგად ესმოდა, რომ ციხეში ამოყოფდა თავს. ჰა, რავარია განზრახულად ჩაჯდე ცხინვალის ციხეში? თან როცა ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევები არსებობს, ვაჟას ჯვარი ეწეროს. მაგრამ ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია.

მისი შემდგომი ქცევაც გმირის ტოლფასია. ჯერ მთარგმნელი მოითხოვა – ჩემს ქვეყანაში სამართალწარმოების ენა ქართულიაო. შემდეგ უარი განაცხადა ეღიარებინა ე.წ. ადგილობრივი კანონის ბრალდება „საზღვრის გადაკვეთის შესახებ“ – საზღვარი როკის გვირაბთანააო. ამიტომაც 2 თვე წინასწარი მიუსაჯეს, თორემ აღიარების შემთხვევაში ის უკვე გათავისუფლებული იქნებოდა.

ვაჟამ აღნიშნული ქმედებით ჩემი, შენი და ყველას საქმე გააკეთა. ის სიმამაცის, სამოქალაქო გამბედაობისა და ოკუპანტთან დაუმორჩილებლობის მაგალითს იძლევა შეგნებულად. პლუს, ნუგეშს აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ და ცდილობს აიძულოს ყველა, რომ ჰუმანურად მოექცნენ პაციენტებს თუ დაზარალებულებს იქ. ამის მისაღწევად კი ის გათვითცნობიერებულად საფრთხეში აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ პოტენციურად სიცოცხლესაც კი. აბა მეტი რა არის გმირობა?

მისმა მეგობრებმა ჩართეს საერთაშორისო სამთავრობო თუ პროფესიული არხები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტი, წითელი ჯვარი და ექიმთა ასოციაციები. ღმერთმა ქნას ის მალე და საღსალამათი გათავისუფლდეს.

#თავისუფლებავაჟაგაფრინდაშვილს
#არაოკუპაციას”