მირიან მირიანაშვილი – “ივანიშვილი და “ევროპული საქართველო” კონსულტაციებს აწყობენ”

მირიან მირიანაშვილი - "ივანიშვილი და "ევროპული საქართველო" კონსულტაციებს აწყობენ"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში 2020 წლის დამდეგს? ამაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– ამბობდით, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩავარდნის შემდეგ მოსალოდნელია ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული ოპოზიციის სისტემური კრიზისი. რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით?
– კრიზისს ბევრი არაფერი უკლია. 14 დეკემბრის შემდეგ გამოცხადდა პაუზა. “ქართული ოცნება” ე.წ. ოპოზიციასთან ერთად რუსეთის გეგმის შესაბამისად, ხელოვნურად იწვევდა რიგგარეშე არჩევნებს. ამასთან დაკავშირებული ბევრი სცენა ვიხილეთ. დაგეგმილი იყო კიდევ უფრო დრამატული მოვლენები, რომლებიც მიგვიყვანდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე.
ამ არჩევნებით რუსეთი უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებდა ერთ პოლიტიკურ ძალას მეორეთი. ორგანიზატორების გათვლით, ეს უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა აშშ-ს საქართველოსთვის ნაკლებად ეცლებოდა. ამაში ხელი მოეცარათ.
– ეს პაუზა სანამდე გაგრძელდება? რუსეთი ხელისუფლება საქართველოს, ალბათ, ჯერ არ შეეშვება?
– ახალი რეალობის ძიება სწორედ ახლა მიმდინარეობს. ახალ პოლიტიკურ ქართულ სცენარებზე მუშაობს რუსი პოლიტტექნოლოგების 3 ჯგუფი. სამივე გუნდის სქემა ავრალურია და სავარაუდოდ, მათი განხორციელება თებერვალში დაიწყება. წინა გეგმით, გაზაფხულზე უკვე რიგგარეშე არჩევნები უნდა გამართულიყო.
– ამბობდით, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩაფლავების შედეგად სრული ფიასკო განიცადეს ბოკერიამ და მისმა “ევროპულმა საქართველომ”. დეკემბრის ბოლოს ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ “ევროპული საქართველო” იქნება პოსტბიძინისტური პერიოდის პოლიტიკის არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი შექმნელი.
– 30 წელიწადია, ვმონაწილეობ პოლიტიკაში. ვყოფილვარ ბევრი რამის ავტორიც და დამკვირვებელიც. ჯერ არ გამიგია, რომ საქართველოს რომელიმე პოლიტიკოსს ეღიარებინოს წარუმატებლობა. საქართველოში პოლიტიკოსები ყველაფერს გამარჯვებად ხატავენ.
– სააკაშვილმა რომ 2008 წელს რუსთაველზე ომში გამარჯვება იზეიმა, ესეც არ იყო გასაკვირი?
– რასაკვირველია. საქართველოში სხვებიც ასე იქცევიან. დაღვინებულ პოლიტიკურ სისტემებში გამოცდილი ლიდერები ყოველთვის აღიარებენ შეცდომებსა და მარცხს. რუსეთი ფსევდოდასავლურ “ევროპულ საქართველოზე” დიდ იმედს ამყარებდა. წელიწადნახევარზე მეტი ხანია, ცდილობდნენ ძალაუფლების ამ პარტიისთვის გადაბარებას. ის უნდა ყოფილიყო გადაბარების სუბიექტი.
– იქნებ, ახლაც რჩება გადაბარების სუბიექტად?
– რუსეთის ხელისუფლებას და მის პოლიტტექნოლოგებს ბევრჯერ მოეცარათ ხელი. ისინი აშკარად მოიკოჭლებენ. თუმცა, არც იმდენად გამოშტერდებოდნენ, რომ ბევრჯერ გაჭრილი კარტით ითამაშონ. უფრო ზუსტი ინფორმაცია რუსეთის ახალ სცენარებზე დაახლოებით ორ კვირაში მეცოდინება. თუ ინტერესი იქნება, “ახალ თაობას” ამაზე ინფორმაციას ექსკლუზიურად მოგაწვდით.
– შესაძლოა, “ევროპული საქართველო” სხვებით ჩაანაცვლეს?
– გადაბარების სხვა, მთავარი სუბიექტი ჯერ არ გამოკვეთილა. თუმცა, ახალი წლის წინ მოხდა ზოგიერთი პარტიის გაპიარება. აშკარა გახდა ის, რასაც დიდი ხანია ვამბობ – რუსეთის სახელმწიფო დუმის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე კალაშნიკოვი კურირებს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”. ამაში ქართული პოლიტელიტა არ მეთანხმებოდა.
– “ალიანსი” დაუფარავად აწყობს შეხვედრებს კალაშნიკოვთან. ვაჟა გაფრინდაშვილზეც ისაუბრეს.
– ხვდება კი არა, კალაშნიკოვი ინაშვილის პარტიის კურატორია. ეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესმა დაამტკიცა. “პატრიოტთა ალიანსი” იძახის, პროქართული ძალა ვართო. შეიძლება ქართულ პარტიას ჰყავდეს კურატორი დუმის დსთ-ს და ევრაზიულ საკითხთა კომიტეტიდან?!
პოლიტტექნოლოგების სამი ჯგუფიდან, რომელიც ვახსენე, ერთი დუმის თავმჯდომარე ვოლოდინს ექვემდებარება. “ალიანსს” ვოლოდინთანაც აქვს კავშირი. მას ენდომება ამ პარტიის წინ წამოწევა. გადაბარების ისეთ სუბიექტად, როგორიც “ევროპული საქართველო” იყო, “პატრიოტთა ალიანსი” ვერ ჩაითვლება. ინაშვილის ხალხი, ალბათ, იგეგმება ერთ-ერთ მოთამაშედ.
– თებერვლამდე ქართულ პოლიტიკაში არაფერი მოხდება? პოლიტიკოსები ბევრ რამეს აანონსებენ.
– ეს პოლიტიკოსები რომ დამოუკიდებლები არ არიან და თავისით არაფერს გეგმავენ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა უკვე იცის. ახალი სქემები გაზაფხულზე, ან თებერვალში ამოქმედდება. სანამ ახალი რუსული სცენარი არ ამუშავდება, პოლიტიკოსები მეორეხარისხოვან და მესამეხარისხოვან საკითხებზე იხმაურებენ.
რიგგარეშე არჩევნებისათვის დროის ლიმიტი აღარ არსებობს. ბიძინა ივანიშვილსაც და რუსული პოლიტიკური თეატრის სხვა მოთამაშეებსაც უჭირთ შეგუება რეალობასთან. მათ ვადამდელი არჩევნებისთვის თითქმის ყველაფერი გააკეთეს – ქუჩის აქციებითა და კონტრაქციებით დაწყებული, ბოქლომების დადებითა და საპარლამენტო უმრავლესობის დაშლით დამთავრებული. უმრავლესობიდან დეპუტატების გამოსვლა მართული პროცესი იყო.
– შესაძლებელია, რომ რუსეთის პოლიტტექნოლოგებმა თავისი გეგმებისთვის “ქართული ოცნებიდან” გამოსული ხალხიც გამოიყენონ?
– გეგმები მუშავდება. გამორიცხული არაფერია. აქამდე რაც იგეგმებოდა, ის დადგმა შეიცავდა დრამატულ სიუჟეტებს. მაგალითად, 1990-იანი წლების ანალოგიით, ჩაფიქრებული იყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაც კი. ალბათ, რაც ჩაიშალა, იმას არ გაიმეორებენ.
მთლიანობაში, რუსული პოლიტტექნოლოგიური მეთოდიკა უცვლელია – რიგგარეშე არჩევნებისათვის გათამაშდა 7 ეპიზოდი 2018 წლის მაისიდან. რუსულმა პოლიტტექნოლოგიამ გამოიყენა საპატრიარქოზე თავდასხმის, ჰომოსექსუალური თემები, არაპოლიტიკოსების ტრაგედიები. “შვილმკვდარი მამების” აქციაზეც გაახმიანეს ვადამდელი არჩევნების საკითხი. რუსეთი შვიდივე ეპიზოდში ჩაფლავდა და რიგგარეშე არჩევნებს ვერ მიაღწია.
– ქართველი პოლიტიკოსები ამას აცნობიერებენ?
– რასაკვირველია. ისინი ამაზე თათბირობენ. ივანიშვილი და “ევროპული საქართველო” რამდენიმე პერსონასთან ერთად აწყობენ კონსულტაციებს. ისინი უკმაყოფილო არიან სცენარებით. მათი აზრით, თვითონ როლები შესანიშნავად შეასრულეს, გეგმების ჩავარდნის მიზეზი უხეირო რუსი სცენარისტები არიან.
დასავლელი ანალიტიკოსები ამ სიმპტომს ყურადღებას აქცევენ. მათი შეფასებით, ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე რუსეთის დავალებების უსიტყო შემსრულებლები იყვნენ, უკმაყოფილების გამოთქმას ბედავენ. რაც, მათი აზრით, რუსეთის დასუსტების კიდევ ერთი ილუსტრაციაა.
– ამ პოლიტელიტას აშშ-სთან გაუფუჭდა ურთიერთობა?
– ეს ცხადზე ცხადია. მოხდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია. ვაშინგტონში ისედაც ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია. მათ შორის, ცრუ მედასავლეთე პარტიებზე, რომლებიც მოსკოვიდან იმართებიან.
მალე საქართველოში ჩამოვა აშშ-ის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

რუსი პოლიტტექნოლოგები და მათი ქართველი ქვეშევრდომები მას მოერიდებიან. ისინი ეცდებიან, არ დაახვედრონ ახალ ელჩს ცხელი ფაზა. მათ არ იციან, რა რეაქცია ექნება დიპლომატს მიმდინარე მოვლენებზე.
აშშ და მისი საელჩო საქართველოში ძალიან გააქტიურდნენ და სწრაფად რეაგირებენ პროცესებზე. ამიტომ არის, რომ რუსეთს არ გამოუვიდა ფსევდოდასავლური ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადაბარება.
დარწმუნებული ვარ, რუსეთს მომავალ სცენარებშიც სრული კრახი ექნება.