ლევან ხაბეიშვილი – „ხალხი შიმშილის პირასაა, კალაძე კი ხან ნაგვის ურნებს ხსნის, ხან სკამებს უკვეთავს»

ლევან ხაბეიშვილი - „ხალხი შიმშილის პირასაა, კალაძე კი ხან ნაგვის ურნებს ხსნის, ხან სკამებს უკვეთავს»ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.

– ლევან, რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად ისმის კრიტიკა ხელისუფლების მისამართით. რას ვერ, ან არ აკეთებს სწორად ხელისუფლება?

– მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, პანდემიას ებრძვის. მინდა, რომ ყველა ადამიანს ჯანმრთელობა ვუსურვო. ოპოზიციას ერთგვარი მორატორიუმი გვქონდა გამოცხადებული, გვერდზე გადავდეთ დროებით პოლიტიკა, პარტიულობა. ხელისუფლებას შევთავაზეთ, რომ ამ პრობლემას ერთად მოვერიოთ, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ ამ პირობებშიც კი, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია, შეუძლია “ქართულ ოცნებას” დაყოს ნაციონალებად და “ოცნების” მომხრეებად ქვეყანა და ჩვენს ინიციატივაზე თქვას, რომ ეს არის პროვოკაცია.

კი ბატონო, ძალიან კარგია, რომ ამ დროისთვის 130-ზე მეტი დაინფიცირებული არა გვყავს, ეს ჩვენი ექიმების დამსახურებაა, გმირობის ტოლფასია, მაგრამ ერთი რამეც გაითვალისწინეთ. როცა ჯამში 500 კაცს აქვს ტესტი გაკეთებული და იქიდან ამდენია დაინფიცირებული, ეს არ ნიშნავს, რომ კარგ მდგომარეობაში ვართ.

– ეს რას ნიშნავს?

– ეს ნიშნავს იმას, რომ ტესტები არ გვაქვს, რაც უზრუნველყოფს სხვა ადამიანების გატესტვას.

– ანუ შესაძლოა გაცილებით მეტია და ეს არ ვიცით?

– რა თქმა უნდა. ევროპაშიც, ამერიკაშიც მზარდი იყო მარტივი რამის გამო, სწრაფმა ტესტებმა უფრო სწრაფად გამოავლინა დაინფიცირებული ადამიანები. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ტესტი უკეთდება პირობითად დღეში 20 ადამიანს და აქედან 10-ს აქვს ვირუსი. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ კარგ სიტუაციაში ვართ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ ვთავაზობდით ხელისუფლებას, რომ ერთად გვემოქმედა.

– ოპოზიცია ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობსო.

– აქ არაფერ შუაში არ არის ჩასაფრებულის პოზიცია. რჩევა ჩვენც უნდა მივცეთ ხელისუფლებას. ის, რომ ეხლა 2 მილიონი ლარი იხარჯება რემონტში, ნორმალურია?!

– რის რემონტში?

– აი ახლა, ამ წუთასაც 2 მილიონი ლარის სარემონტო სამუშაოები მიდის შს სამინისტროში, რომელიც აქამდეც 5-ჯერ გარემონტდა, არ მგონია, რომ ნორმალური და ადეკვატური იყოს. დღეს ამის დრო არ არის, ეს მილიონები უნდა მოხმარდეს სხვა რამეს.

ვაუჩერებთან დაკავშირებითაც გეტყვით, კი ბატონო, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რატომაც არა, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს თანხა, რომელსაც ბიუჯეტი გამოყოფს, არის ხალხის! ჩემიც, თქვენიც და ყველასი. ეს ფული ჩვენი გადახდილი თანხებია, ჩვენია! ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის ბუნკერში დამალული ფული. რომელიც ამ დრომდე არ გამოჩენილა და არ დაუფიქსირებია პოზიცია. ასეთი კრიზისია ქვეყანაში, გამოვიდა, ერთი განცხადება მაინც გააკეთა?!

– გამუდმებით ისმის კითხვა სად არის ის, რატომ არ ჩანს ივანიშვილი. სად არის?

– სად არის და ბიძინა ივანიშვილი ბუნკერშია! მე მგონი, საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ ეკონტაქტება. ეს კაცი გაწირავს ყველას და ყველაფერს, ფეხებზე კიდია საკუთარი ჯანმრთელობის გარდა ყველა და ყველაფერი. მთავრობაც ფეხებზე კიდია.

მართლა უნდა მთავრობას, რომ კრიზისი დაძლიოს და ქვეყანას საფრთხე აარიდოს, ამის დაუნახაობა არ შეიძლება, მაგრამ ეს ხალხიც ფეხებზე კიდია ბიძინას.

– ანუ საერთოდ ჩამოშორდა პროცესებს და არ ეკონტაქტება არავის?

– დიახ, ასეა. ბუნკერშია ბიძინა ივანიშვილი დამალული. ყველაზე კარგად ვინც ასრულებს დარჩი სახლში-ს წესებს, არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბოქსირებულ ბუნკერშია გამოკეტილი და ახლოს არ იკარებს ოჯახის წევრებსაც კი, რომ რაიმე დაავადება არ შეხვდეს.

– ანუ ჩამოშორდა პროცესებს და ქვეყნის მართვა მთლიანად გახარიას გადააბარა?

– კი, ასეა. თუმცა გახარიას დამოკიდებულებაც არასწორია ბევრ საკითხთან მიმართებაში. თუ უნდათ, ჩამოიყვანონ უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეებიო. ჩვენ ვთქვით, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩამოვიყვანთ 5 ათას ემიგრანტს, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ავწიეთ თვითმფრინავი და ამდენი ხალხი დაუკითხავად წამოვიყვანეთ საქართველოში. ამ დროს რას იტყვიან გახარია და “ოცნება”? იტყვიან, რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ეს არის დესტრუქციული ქმედება, რომ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხეში აგდებენ და ასე შემდეგ.

– ჩვენ თავად ჩამოვიყვანთო. მიშას ჩამოყვანილი არ უნდათ.

– დღეს მოწონება-არმოწონებაზე ხომ არ არის საქმე? არც მე მომწონს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ის თუ საკუთარი სახსრებით ჩამოიყვანს ამდენ ემიგრანტს, მე ამას მივესალმები. ამბობს სააკაშვილი, რომ მთავრობასთან თანამშრომლობით, მათთან კოორდინაციით ერთად გავაკეთოთ ეს საქმე.

3.077 ადამიანი შეეხმიანა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენ ამ ადამიანების კონტაქტები გადავეცით მთავრობას.

– ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს?

– დიახ, ოღონდ ეს ის ხალხია, ჩვენ ვინც მოგვმართა, თორემ საელჩოებს რამდენმა ადამიანმა მიმართა, ეს კიდევ სხვა არის. ამ ხალხს ხომ ვერ გავწირავთ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. მათ შორის არის ძალიან ბევრი სტუდენტი, რომლებიც სასწავლებლად იყვნენ წასულები, საერთო საცხოვრებლებიდან გამოყარეს და საჭმლის ფული არა აქვთ და თავშესაფარი. რას ვეუბნებით მათი ოჯახის წევრებს, რომ ფეხებზე გვკიდია ეს ხალხი და ჩარჩნენ იქ, სადაც არიან?!

– მთავრობა ამბობს, დანიშნულია რეისები და ჩვენ ჩამოვიყვანთ ყველასო.

– კი ბატონო, ჩამოიყვანონ. თუმცა ეს სერიოზული პრობლემაა, ხომ ვნახეთ, იგივე პოლონეთთან დაკავშირებით რაც ხდებოდა და მეორეც, მთავრობა რომ ამბობს, მე ჩამოვიყვანო, რატომ უნდა დახარჯოს ფული, როცა მიშა სააკაშვილი ამბობს,  მოვიძიე ბიზნესმენები და მიფინანსებენო.

რატომ არ უნდა მიიღონ დახმარება სხვისგან?! ასეთი პატარა კაცობა როგორ შეიძლება, პოლიტიკა და პარტია წყალსაც წაუღია, თუ ერთმანეთზე არ ვიზრუნეთ და ვიფიქრეთ.

– ამ სიტუაციაში თბილისის მერია რამდენად სწორად და გამართულად მუშაობს?

– კალაძე საერთოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია თავისი არაადეკვატური დამოკიდებულებებით.

– რატომ, რას ერჩით?

– შუა საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული, დარჩი სახლში კამპანია დაწყებული, ადამიანებს უმძიმესი მდგომარეობა აქვთ და ამ დროს კალაძე წავიდა და ვაკეში პრეზენტაცია მოაწყო, 31 ათას ლარიანი ნაგვის ურნები გახსნა! პრეზენტაცია გააკეთა, ფეისბუქზე ფოტოები ატვირთა. სიგიჟეა, აბა რა არის, ეს გააკეთო 26 მარტს, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რა დროს 31 ათას ლარიანი ურნებია! ჩუმად მაინც იყოს და ხალხს მაინც ნუ გააგიჟებს, რომ ასეთ სიტუციაში 31 ათასი ლარი ნაგვის ურნაში გადაიხადა. ასევე 20 მარტს ტენდერი გამოაცხადა…

– რისი ტენდერი?

–  8 ათას ლარიან სკამებს ყიდულობს. რა სიგიჟეა 8 ათას ლარიანი სკამი?! საქართველოში დამზადებული სკამი არის ათჯერ უფრო იაფი. დაახლოებით 700-800 ლარი ჯდება საშუალოდ ერთი სკამი, რომელიც სხვადასხვა სკვერებშია. კალაძემ კი ჭავჭავაძეზე, ვაკეში, 8 ათას ლარიანი სკამი უნდა დავდგაო. თავიდან 12 ათას ლარიანი იტალიური სკამების ჩამოტანა უნდოდა და ეს ჩავუგდეთ. ახლა გადაწყვიტა 12 ათასიანი არა, მაგრამ 8 ათასიანი უნდა ვიყიდოთო. მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება ამაში. ეს ადეკვატური ქმედებაა ამ დროს, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის?!

სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს კაცი ცოტა ვერ არის. აბა სხვა რა ვიფიქრო, ამისთანა დროს რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ და მერე გამოხვიდე და გამოგვიცხადო, სახლში დარჩით და ლაივ კონცერტი იქნება ფეისბუქზეო.

– კონცერტების წინააღმდეგი ხართ?

– ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს მომღერლებს და ყველას ვინც იქ მღერის, მაგრამ შენ რომ მერი ხარ, იმაში უნდა ხარჯავდე ფულს, რომ ლაივ კონცერტი იყოს?! ადამიანებს პირველადი საგნების მოხმარების პრობლემა აქვთ! თუმცა ვერ ხვდება ამას, ვერაფერი გაუგია, თვითონ მილიონერია, არანაირი პრობლემა არა აქვს, 2 თვე იქნება თუ 3 თვე, სახლშიც დარჩება და არაფერი არ მოაკლდება, მაგრამ იმ ხალხმა რა ქნას ვინც უმუშევარი დარჩა?!

– დიახ, უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურების გარეშე…

– ჩემი მეგობარია, რომელიც ოქროს ბირჟაზე მუშაობდა, ინტერნეტითაც ყიდდა ყოველდღიურად ოქროს ნივთებს, დღეს ვის რად უნდა შენი ოქრო. მეუღლე ჰყავს, შვილი და დედა. დღეს მისი შესანახია ყველა. ამ კაცს ყოველდღიურად შეჰქონდა სახლში 60-70 ლარი. 4კვირაა უკვე გაჩერებულია, რა ქნას, რა აჭამოს ოჯახს?! ვინ აჭმევს ამ ხალხს?!

ჩვენი ინიციატივაა 1.000 ლარი ყველა ოჯახს. საიდან მოვიტანოთ ფულიო. უკაცრავად, მაგრამ მარტო ნახევარ მილიარდზე მეტი დევს საპენსიო ფონდში, რომელიც მოპარეს ქართველ ხალხს! ამაზე მეტი ამ ხალხს არ გაუჭირდება და ამ ფულის გაქრობას ისედაც აპირებენ  ჩხარტიშვილი და ივანიშვილი. გამოიტანონ ის ფული და მოახმარონ ამ ხალხს!

ხალხი შიმშილის პირას არის და ეს ჩვენი მერი ხან ნაგვის ურნებს ხსნის, ხან სკამებს უკვეთავს, კონცერტს უყურეთო. მშიერ ხალხს ეს უშველის?! მერე წითელი ჯვარი რაღაცას გამოყოფს, მივარდება იქ და ფოტოებით პიარობს, აი, ნახეთ, პროდუქტი დავარიგეთო. მომწერეს წითელი ჯვრიდან, ჩვენ ვშრომობთ, ვწვალობთ, მოდის კალაძე, მერიის პარკებში ალაგებს და პიარს იკეთებსო.

კაპიკი არ გაუღია ჯერ მერიას, კაპიკი!