ლევან კობერიძე – „ოცნებამ“ პოლიტიკა ჯერ პარლამენტში მოკლა და ახლა წინასაარჩევნო კამპანიაშიც კლავს“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება ნელ-ნელა მძიმდება და ჩნდება კითხვები, ხომ არ გამოიყენებს ამ ვითარებას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, ან ხომ არ იყენებს უკვე, როდესაც მან არ აღადგინა ფრენები და საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი ნაწილი სავარაუდოდ ვერ ჩამოვლენ.

რა კითხვები უჩნდება პანდემიასთან დაკავშირებით და რატომ თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კოვიდ 19 მთავარ პარტნიორად გაიხადა? – ამ თემასთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში, „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტარი ლევან კობერიძე საუბრობს.

_ განაცხადეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორად გაიხადა პანდემია, რაში გამოიხატება ეს და რატომ ფიქრობთ ასე?

_ მხოლოდ არ ვფიქრობ ასე, ფაქტები მიგვანიშნებენ ამაზე. ფაქტობრივად პანდემიის საბაბით საქართველოს მთავრობამ დღეს ბიუჯეტი გადააქცია საარჩევნოდ მისი პარტიის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.

_ ანუ, პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს?

_ კი, რა თქმა უნდა. ამაზე ვსაუბრობდი 2 თვის წინაც. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ თავისი ფულის დახარჯვა არ უნდა და პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ააგო საარჩევნო კამპანია.

_ როცა ასეთი ვითარება შეიქმნა, რა უნდა გაეკეთებინა? არ უნდა დახმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება?

_ ამაზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ადამიანების დახმარების საბაბით საკუთარ კამპანიებში არ უნდა ირიცხებოდეს ათეულობით მილიონობით ლარი. ადამიანებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, უნდა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, უნდა დავეხმაროთ იმ სფეროებს, რომლებსაც შეუძლიათ ეკონომიკა შეინარჩუნონ. დიახ, ბიზნესს უნდა დავეხმაროთ – მცირე და საშუალო ბიზნესზე ვსაუბრობ. მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, ეს პირდაპირ ადამიანების მოსყიდვაა. ეს ამასთანავე არის მათსავე გავლენის ქვეშ მყოფი ბიზნესებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პირდაპირ ფულის ჩუქება.

_ ეს უნდა დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, სამშენებლო კომპანიებისთვის ფულის ჩუქება საბაბით, რომ თურმე სამშენებლო სექტორი გადასარჩენია. ფაქტობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი ძარცვა მიმდინარეობს.

_ სუბსიდირების პროგრამა გაქვთ მხედველობაში?

_ დიახ. ეს არანაირად არ არის არც ეკონომიკის სტიმულირება და არც ადამიანების დახმარება. ვიღაცამ რომ მოინდომოს, რომ ბოლო მოდელის „ფერარის“ ყიდვა უნდა და პანდემიაა და ამის გამო ვერ ყიდულობს, ამ მიზეზით ბიუჯეტიდან რომ მისცენ მისი ყიდვის საშუალება, დაახლოებით ამას ჰგავს ბიუჯეტის ფულის ხარჯვა როგორც ხდება ამ შემთხვევაში.

კი, ხალხს უნდა დავეხმაროთ, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ის რაც ახლა კეთდება, როდესაც მილიონობით ლარი ვითომ საკარანტინო პროგრამებში იხარჯება და თურმე ამით გადაარჩინეს ტურიზმი და სასტუმროების ბიზნესი, რა თქმა ეს ვერ ჩაითვლება ეკონომიკის გადარჩენად. დააკვირდით, რომელ სასტუმროებზეა ლაპარაკი – სასტუმროებზე, რომლებიც ათეულობით მილიონი ლარი ღირს.

_ ანუ აქედანაც იხსნება ფული?

_ მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის კორუფციული გარიგების ფაქტები და ამ ფაქტებზე ხელისუფლების ცვლილებისთანავე გამოძიება უნდა დაიწყოს. უამრავ საკითხზე ჩნდება კითხვის ნიშნები, რატომ მოხდა ბიუჯეტიდან თანხების გაცემა.

_ თუ იქნებით შემდეგი მოწვევის პარლამენტში, ხომ არ გამოხვალთ ინიციატივით, რომ ამ საკითხების შესასწავლად საგამოძიებო კომისია შეიქმნას?

_ აუცილებლად. ზუსტად მანდეთ მიმყავდა ჩვენი საუბარი, რომ შემდეგმა პარლამენტმა ეს უნდა გააკეთოს. იმედი მაქვს, რომ ამომრჩევლის ნდობა მექნება და ვიქნები პარლამენტში „ლელოს“ სახელით და თქვენი ინტერვიუს საშუალებით ხალხს ვპირდები, რომ აუცილებლად დავაყენებ საკითხს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პანდემიის დროს ბიუჯეტის გაფლანგვასთან მიმართებაში. აუცილებლად იქნება ეს საქმეები პროკურატურისთვის გადაცემული.

მე მხარი დავუჭირე ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა წარადგინა. სწორედ იმიტომ, რომ ჩემთვის კორუფცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და კორუფცია სად არის? მაგალითად, კორონაკორუფცია არის ბიუჯეტის თანხების ასე გაფლანგვასთან დაკავშირებით. ამას ჰქვია ცხვრის ტყავში გახვეული მგელი. რაღაც უნდა გააკეთონ, როცა ასეთი პრობლემაა, ისე რევოლუცია მოხდება, მაგრამ უამრავი თანხები გადის ბიუჯეტიდან საკუთარ კონიუნქტურულ ბიზნესზე, ასე დავარქმევდი, რომელიც პოლიტიკურ მორჩილებაშია ხელისუფლებასთან.

ამოვიღოთ სია და ვნახოთ, რომელი კომპანიებია, მერე ამ კომპანიების შემოწირულობებს გადავხედოთ, მერე შევხედოთ როგორ მოიქცევიან არჩევნების შემდეგ დამატებით შემოწირულობებთან დაკავშირებით და ა. შ.

_ კიდევ ხომ არ მოიგებენ ეს კომპანიები ტენდერებს, ამ დინამიკასაც ხომ არ უნდა დავაკვირდეთ?

_ აუცილებლად მოიგებენ. უტენდეროდ აძლევენ თანხებს ამ პანდემიის დროს, შესაბამისად, ეს ყველაფერი ძიების საგანია.

_ ანუ რა გამოდის, მსხვილი ბიზნესი და ხელისუფლება შეზრდილია ერთმანეთთან?

_ მე ამას ვარქმევ კონიუნქტურულ ბიზნესს. ანუ თანხებს არის დამორჩილებული და მასზე არის აწყობილი ბიზნესი. ანუ სახელისუფლებო მაღალჩინოსნებთან დალაგებული ურთიერთობაა მათთვის მთავარი, როგორც ამას თავად ეძახიან. როგორც ჩანს, პერიოდები აქვთ, როდესაც აძლევენ უფლებას, რომ ფული აკეთონ „ქართულ ჯიგრულ პონტში“ და მერე არჩევნების წინ რაღაც რომ გაუჭირდებათ, მერე იძახიან, რომ ფულის კეთების დრო ცოტა ხანი უნდა შეჩერდეს და აქეთკენაც უნდა გაიხედონ.

2012 წლის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის ბოლო პერიოდი სწორედ ასეთი იყო, რომ მსხვილი ბიზნესი სახელისუფლებო კონიუნქტურასთან იყო გარიგებული. ბიზნესს არც დავარქმევდი, ეს არის ჯგუფები, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ექსკლუზივებს ჩვენს ხარჯზე და რა თემებშიც ისინი არიან შესულები, დამატებით იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას.

_ ნელ-ნელა მძიმდება ფონი პანდემიასთან დაკავშირებით. ხომ არ ხედავთ რისკს, რომ არჩევნების გამართვა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ხომ არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ხელოვნურად ამძიმებს ხელისუფლება ვითარებას?

_ არამარტო მიჩნდება, არამედ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს. გახსოვთ, რომ ორჯერ გავაპროტესტე კანონი, რომლითაც პარლამენტის გარეშე მთავრობას გადაეცა უფლებამოსილება, რომ შეზღუდოს საკონსტიტუციო უფლებები. წლის ბოლომდე მთავრობას შეუძლია შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და ა. შ. მისი ამოქმედების შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის ჩატარებას პრობლემური გახდება.

_ დამკვირვებლების დიდი ნაწილი სავარაუდოდ ვერ ჩამოვა და ესეც ამის ნაწილია?

_ ყველაფერი ჯამურად მუხანათურად არის გათვლილი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. როგორც ვაკვირდები, მათი რეიტინგი სწრაფი ტემპით ჩამოდის ქვემოთ და თუ დაინახავენ ამის საჭიროებას, მაშინ ამას აამუშავებენ. როგორც ჩანს ამ თემის მუსირება დაიწყეს. მათი გათვლა არის, რომ მაგალითად მე, რომელიც ვარ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის შემადგენლობაში საბურთალოს ნაწილი, წყნეთი და ბაგებიც შედის, ხალხთან არ მქონდეს კომუნიკაცია. იმიტომ, როდესაც ჩვენ ხალხთან სალაპარაკოდ მივდივართ, ვიცით, ადამიანებს რაც უნდა ველაპარაკოთ. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, მაგრამ მათი ძლიერი მხარეა ბანერებად აქციონ ქალაქი. ისინი როგორც ჩანს საარჩევნო კამპანიის წარმართვას დისტანციურად აპირებენ.

_ ანუ მათი მიზანია, რომ მოკლან პოლიტიკა?

_ როგორც მათ პოლიტიკა მოკლეს პარლამენტში, ახლა უნდათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც არ იყოს. მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ბანერები ყველგან დაკავებული. მე მაგალითად ნორმალურ ადგილს ვერ ვშოულობ, სადაც იქნება ჩემი ბანერი გაკრული. ფინანსურ შესაძლებლობებს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად ადგილი არ დატოვეს. როგორც ჩანს ბოლბორდებიდან მომზირალი აპირებენ მოიგონ არჩევნები და მოსახლეობა ჩაკეტონ ისევ სახლებში.

ისინი ეთერებში არ დადიან. დებატებში ჩვენ რომ არ გვიჯდებიან, ამაზე აღარაფერს ვამბობ. წამყვანებსაც კი არ უჯდებიან, გარდა მათი კონტროლირებადი არხებისა, როგორიც მაგალითად „იმედი“ და სხვა რამდენიმე არხია. ხალხზე კეთილდღეობაზე ზრუნვის ლოზუნგით ამას აკეთებენ.

აბა მიდით თქვენ მეზობელთან და სთხოვეთ, რომ 50 ან 100 ლარი გასესხონ, ვერ გასესხებენ, რადგან ფული აღარ აქვთ. იმ მცირე კატეგორიას არ ვგულისხმობ, ვისაც შეიძლება რაღაც შესაძლებლობა ჰქონდეთ. „ოცნება“ ცდილობს, რომ ეს არ გამოჩნდეს. ხუმრობით ვთქვი კიდეც, რომ „ოცნებამ“ პანდემია იმდენად გაიხადა პარტნიორად, რომ პოლიტიკოსებში მათი ოფისიდან დაიწყო გავრცელება. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ამ თემის ხელოვნურობაში და აჟიოტაჟის აწევას ნამდვილად არ გამოვრიცხავ.

თქვენი გაზეთის საშუალებით მოსახლეობას მივმართავ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული წესები დავიცვათ და არ მოვდუნდეთ, რათა არ მივცეთ საშუალება „ოცნებას“, რომ ოდნავ აწევის შემთხვევაშიც კი შეკეტვის კამპანიად აქციოს.

რა დროს შეიძლება დაიკეტოს ქალაქი? არცერთი რიცხვი არ ვიცით. მაგალითად ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეში 200 შემთხვევა თუ იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიკეტება, 100 შემთხვევა თუ იქნება, სკოლები დაიკეტება და ა. შ. ხომ უნდა ვიცოდეთ, სად გადის სიფრთხილის ზღვარი. ამიტომ ვითხოვდი ჯანდაცვის მინისტრის მოსვლას, მაგრამ არ მოვიდა.

უნდა ვიცოდეთ, რამდენად საშიშია ეს რიცხვები ან არასაშიშია. ჩვენ გვაქვს გაურკვევლობის შეგრძნება, რაც მხოლოდ და მხოლოდ შიშის და პანიკის საფუძველია. სიბნელის იმიტომ ეშინიათ ადამიანებს, რომ გაურკვევლობაში არიან, ვერ ხედავენ. „ქართული ოცნება“ კორონასიბნელეში გვამყოფებს. დღეს ხელისუფლება მანიპულირებს. თქვენ მითხარით მაგალითად, რამდენი საწოლია, რომელიც შეიძლება მოემსახუროს კოვიდინფიცრებულს?

_ ნამდვილად არ ვიცი.

_ არც მე ვიცი, რომელიც ვარ ჯანდაცვის კომიტეტის წევრი. მსოფლიოში ითვლება, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნა გაცილებით მაღალრისკიანია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ვიდრე ფრენების გახსნა. იმიტომ, რომ ფრენების დროს მკაცრად აკონტროლებ. ბოლოს და ბოლოს არ შემოუშვებ, ან იზოლაციაში იქნება. ვინმემ თქვას, რატომ არის გახსნილი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გახსნილი და რატომ არ არის ფრენები?

ძალიან პრობლემურია საბავშვო ბაღების თემა, რადგან ადამიანებს უწევთ ძიძის დაქირავება, როდესაც ბავშვი ბაღში და სკოლაში ვერ მიდის. ამის საპირისპიროდ ევროპის ბევრ ქვეყანაში ბაღები საერთოდ არ დაიკეტა, ასევე დაბალი კლასები. იმიტომ, რომ ყველაფერს გონივრული ახსნა აქვს. გარდა იმისა, რომ პატარებს ნაკლებად ემართებათ, ამის გარდა არის დისციპლინის თემა, რასაც ბავშვი ადვილად ექვემდებარება და არა ისე, როცა საქართველოს მთავრობა გამოვა წარბებშეჭმუხნული და პროფესორის სახეებით და იძახიან, რომ იცით, რა, ახლა ასეა საჭირო. თვითონ ერთმანეთზე აზიან მთავრობის სხდომების ჩატარების დროს და მოქალაქეებს მოუწოდებენ მის დაცვას. როცა მათ სჭირდებათ პოლიტიკურად, მერე იწყებენ ამ თემების გამწვავებას.

ამიტომ ვთხოვ სიფხიზლეს მოსახლეობას, რომ ოდნავი მატებაც კი შეიძლება „ოცნებამ“ გამოიყენოს კორონარჩევნების ჩატარების თვალსაზრისით, რათა დარჩეს ცარიელა ქუჩები, „ოცნების“ ბილბორდებით გავსებული.