“თავისი უტვინობით “ოცნებამ” ნაციონალებს ახალი მუხტი მისცა” – გიგლა ბარამიძე

"თავისი უტვინობით "ოცნებამ" ნაციონალებს ახალი მუხტი მისცა" - გიგლა ბარამიძედამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

– ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა?

– სამწუხაროდ, მძიმე ვითარებაა. თქვენს კითხვებს ვპასუხობ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, რომელიც არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის.

არასდროს ვყოფილვარ ნაცმოძრაობასთან. პირიქით, სააკაშვილი პოლიტიკურად მდევნიდა. არც „ქართულ ოცნებაზე“ ვარ ჩამოკიდებული და მასაც არ ვაკლებდი კრიტიკას.

გიორგი გახარიას წასვლა სენსაცია არ უნდა ყოფილიყო. პირადად მე ჯერ კიდევ 6 თვის წინ ვამბობდი, რომ გახარია მიდის თანამდებობიდან. ეს გაიჭიმა ჯერ პანდემიის, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის გამო. გახარია წავიდოდა. „ქართული ოცნების“ გუნდმა ეს ძალიან ცუდ დროს მოახდინა.

არც ის იყო სწორი, რაც ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩაიფიქრეს. სპეცრაზმის მიგზავნა პარტიის ოფისთან უგუნურობაა. როცა ასეთი კრიზისია და ყველაფერი წკიპზე ჰკიდია, ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრების დრო არ არის. სამაჯურის მოხსნის გამო რომ მოუნდათ კაცის დაპატიმრება, ციხეში გასაშვები ხალხის მეტი რა არის ქვეყანაში?!

– რაზე და ვისზე საუბრობთ?

– კორუმპირებულ ჩინოსნებზე, თანამდებობის პირებზე. ასეთები მრავლად არიან. მათ სამართალში მიცემაზე არავინ ფიქრობს. გამოვიდა, რომ მთავარი დამნაშავე მელია ყოფილა.

უტვინო გეგმებითა და მოქმედებებით „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მუხტი მისცა ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა კი აკეთებს იმას, რაც სააკაშვილსა და ადეიშვილს უნდათ. სააკაშვილსა და ადეიშვილზე, მათ მიმდევრებზე გამალებული მუშაობს სამი ტელევიზია. ნიკა მელიას აქტივობა სააკაშვილ-ადეიშვილის გეგმის ნაწილია.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა