“თალაკვაძის მერე კობახიძესაც გაუშვებენ” – მამუკა გამყრელიძე

"თალაკვაძის მერე კობახიძესაც გაუშვებენ" - მამუკა გამყრელიძემამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მალე ირაკლი კობახიძეს “ოცნების” თავმჯდომარეობიდან გადააყენებენ. მას მდინარაძეც მიყვება.

– ადგილობრივ არჩევნებამდე გადააყენებენ კობახიძეს?

– არ გამოვრიცხავ მაგ ამბავს. როგორც ჩანს, არჩევნების წინ ცოტა სხვა გუნდი უნდა დაწინაურდეს. თუ ვინმე დაწინაურდება, ეს იქნება ღარიბაშვილის გუნდი. ერთი პერიოდი, თალაკვაძე-კობახიძის ფრთა აღიქმებოდა, როგორც კახა კალაძის გუნდი. მერე გადალაგდნენ, გადმოლაგდნენ. კახა კუჭავა რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორც ჩანს, ისეთი კადრებით მიდის ჩანაცვლება, ვისაც მაქსიმალურად ენდობა.

– შესაძლოა, რომ ევროპის რეკომენდაცია ყოფილიყო კუჭავას დაწინაურება?

– არ გამოვრიცხავ, თუმცა, ასე პირდაპირ არ მიუთითებდნენ. შესაძლოა ზედმეტად შეაქეს კუჭავა და ეს იყო ნიშანი. საინტერესოა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, კობახიძეს რომ გაუშვებენ.

– ირაკლი ღარიბაშვილი?

– ღარიბაშვილის მოსვლა პარტიაში იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მმართველობა თავიდან ბოლომდე ხელში აიღო ღარიბაშვილმა და მისმა ფრთამ. ეს რამდენად კარგი იქნება, ვერ გეტყვით. ღარიბაშვილი ძალიან ხისტია.

დღეს “ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნების მოგება, როგორმე გადაცდნენ 43%-ს. აი თუ გიორგი გახარია შემოვა საარჩევნო ველზე, ეს იმას ნიშნავს, რომ 50%-ის აღება ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ყოველთვის 50-55%-ს იღებდა “ოცნება”, გახარიას შემოსვლის შემთხვევაში ვერ აიღებს. სერიოზულად წაართმევს ხმებს. აქედან გამომდინარე, ეს დათქმული 43% არ იქნება ასეთი მარტივი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა