თაკო ჩარკვიანი _ “გიორგი ვაშაძეს ციხეში მყოფ ნიკა მელიაზე ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა”

თაკო ჩარკვიანი _ "გიორგი ვაშაძეს ციხეში მყოფ ნიკა მელიაზე ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა"პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავის დროზე ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყო:

– მე ვებრძოდი დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც ამათ გადაიბარეს, „ქართულმა ოცნებამ“. აბა, სახელმწიფო ინსტიტუტების შენება სააკაშვილმა რომ გააკეთა, ეგეთი უნდა. მე ჯაჭვში ვიდექი აგვისტოს ომის დროს, რომელიც სააკაშვილმა გააკეთა. როდესაც ამბობდნენ, საქართველომ ომი დაიწყოო, სულ ვამბობდი, მიშას ჯინაზე ნუ აბრალებთ საქართველოს ომის დაწყებას-მეთქი. ამიტომ არ არის პარადოქსული, დღეს რომ ერთ აზრზე ვართ. ჩვენ გვინდოდა სისტემის შეცვლა და რა გამოვიდა? დაანგრიეს სახელმწიფო ინსტიტუციები და სისტემა შეცვალეს. სახელმწიფო კლანიაო, სენატში გვეუბნებიან. მიშელის დოკუმენტზე საუბარია ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. მეტი დადებითი ამ დოკუმენტს არ აქვს.

ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, ეს გააკეთა ნაციონალური მოძრაობის შიშით. მეცინება ხოლმე, როცა მეუბნებიან, მასთან გამიჯვნა უნდა მოხდესო. ამას ნაციონალური მოძრაობის გამო კი არ ვამბობ, ანალიზს ვაკეთებ. არ ვიყავით მასთან გამიჯნულები, როდესაც სხვა ბლოკი ვიყავით?

– გიორგი ვაშაძე თქვენი პარტნიორი იყო და ბლოკში იყავით. ახლა კი მან განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატისთვის მხარდაჭერა მერობის არჩევნებზე მარცხის ფორმულაა. ეს კანდიდატი იქნება მელია. როგორ გაიგეთ ეს განცხადება თქვენ პირადად?

– არ მინდა, გიორგიზე ვაკეთო განცხადებები, მეუხერხულება. მე ვიტყოდი ასე, რომ როდესაც კოლეგა ოპოზიციონერი არის ციხეში, ასეთი განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. რომ გამოვა, მერე შეგიძლია გააკეთო ის განცხადება, რომელიც მიზანშეწონილად მიგაჩნია. ასეთი კომპლექსებითა და შიშებით არაფერი გამოვა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა