“სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება” – სოსო ცინცაძე

"სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება" - სოსო ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდება.

– ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ექსტრადირება მოხდება ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით.

არ გამოვრიცხავ, ახლა დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს კიევსა და თბილისს შორის. ეს უფრო იქნება არასაჯარო კომუნიკაცია, როგორ მოხდეს გადაცემა ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს.

რადას დეპუტატები და სახალხო დამცველი აპირებენ ჩამოსვლას. როგორც ვიცი, უკრაინაში სახალხო დამცველს ძალიან დიდი გავლენა აქვს. ის უკვე ერთხელ იყო ჩამოსული და სააკაშვილი ციხეში მოინახულა კიდეც. ახლა მეორედ ჩამოვა. ასევე ცნობილია, რომ ზელენსკი საქმის კურსშია. ექსტრადირებას ალტერნატივა არ აქვს.

– ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში მოიხდის სასჯელს თან ბოლომდე.

– გასაგებია ირაკლი კობახიძის პოზიცია. აქ მთავარია, უფრო მაღალ დონეზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ცოტა დროში გაიჭიმება, მაგრამ გადაცემა აუცილებლად მოხდება.

თბილისში არაერთი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია არის აკრედიტებული. ჩემთვის იმდენად გაუგებარია, რატომ დუმან ეს ორგანიზაციები, რომ ახსნას ვერ ვუძებნი. ჯერ არც ერთი საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. მხოლოდ ევროპარლამენტის ცალკეული წევრების განცხადებები გვესმის და თითქოს ამით შემოიფარგლება ეს ყველაფერი.

– როგორ ფიქრობთ, რატომ? 

– ჩემთვისაც ამოცანად რჩება, რატომ? დავიჯერო მათი გადმოსახედიდან არაფერი არ ირღვევა?! ციხე რომ დასასვენებელი კუნძული არ არის, ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს დაცული.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა